რუსეთის მიზანია, რომ ახალ ეტაპზე აიყვანოს სახელმწიფო ტერორიზმი უკრაინული ენერგოობიექტების წინააღმდეგ და სიბნელესა და ყინვაში გაატარებინოს მთელი ზამთარი უკრაინას. ამას ხელს უწყობს, სამწუხაროდ, ისიც, რომ ძალიან დიდი დეფიციტი აქვს უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის პარალელურად, უკრაინა პასუხს სცემს რუსეთს, რის შედეგადაც, რუსეთის აეროპორტებს უკრაინული დრონების გამო, დიდი პრობლემები ექმნებათ.

"რუსეთმა, ყველა მოქალაქემ უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე, რომ ის ომი, რომელიც მათმა ლიდერმა დაიწყო და რომელშიც მსხვერპლად შესწირა ორივე ქვეყნის მილიონზე მეტი მოქალაქე, ასე ვერ ჩაივლის, რომ ვერ იგრძნოს. უკრაინული დრონები აეროპორტების თავზე და ზოგადად ქვეყანაში ხშირად იყო, მაგრამ ახლა ეს თუ ხანგრძლივად გაგრძელდა და აეროპორტების თავზე დაფიქსირდა უკრაინული დრონები, რუსეთს მოუწევს, შეცვალოს სატრანსპორტო მარშრუტი, მოქმედების სქემა, ეს კი დიდ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.

აქ არ იგულისხმება, რომ მუდმივად ჩაიკეტება რუსეთის ცა, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ  ყველაზე მსხვილ კომპანიებს მუდმივი პრობლემები შეექმნებათ ამით, რაც მოქალაქეებს შეუქმნით დისკომფორტს და ფინანსურ ზიანს მიაყენებს კომპანიებსაც და თავად სახელმწიფოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა აღვიქვათ საერთო სურათის ნაწილად, ეს არის კიდევ ერთი ახალი ზეწოლის მექანიზმი, როგორც ბენზინის რიგებში დგანან რუსები და აგინებენ მთავრობას, რომ აქამდე მიიყვანა რუსეთი, ნაცვლად იმისა, რომ სამ დღეში აეღო კიევი, მიიღეს ის, რომ თავის ყველა რეგიონში ბენზინის რიგია, ახლა კი მიიღებენ იმას, რომ ყველა აეროპორტში რიგები ექნებათ.

რაც შეეხება რუსეთის პასუხს, იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო - დაბომბავენ სამოქალაქო ობიექტებს, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ასევე, ვიცით, რომ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ ენერგოობიექტებზე დაიწყონ დარტყმები და, პრინციპში, ამას აქამდე ისედაც აკეთებდა, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ზამთარი ელის უკრაინას, რადგან რუსეთის მიზანია, რომ ახალ ეტაპზე აიყვანოს სახელმწიფო ტერორიზმი უკრაინული ენერგოობიექტების წინააღმდეგ და სიბნელესა და ყინვაში გაატარებინოს მთელი ზამთარი უკრაინას. ამას ხელს უწყობს, სამწუხაროდ, ისიც, რომ ძალიან დიდი დეფიციტი აქვს უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების, განსაკუთრებით კი ეს რაკეტების დეფიციტი ირანში მიმდინარე ომმა გაამწვავა, რადგან აშშ-მა და მისმა მოკავშირე არაბულმა ქვეყნებმა ასობით რაკეტა გამოიყენეს და მისი მარაგი შემცირდა, აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზამთრის გადატანა მოუწევს უკრაინას", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.