შეერთებული შტატები აღიარებს რუსეთის უფლებას, შეშფოთებული იყოს ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით შესაძლო გაფართოებით და მზადაა, ეს საკითხი განიხილოს უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების კონტექსტში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთთან საკითხებში კიტ კელოგმა განაცხადა.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპი მზადაა პუტინს წერილობითი პირობა მისცეს, რომ არ გაფართოვდება ალიანსი აღმოსავლეთით, თუ ეს გახდება მთავარი პირობა საომარი მოქმედებების და უკრაინაში ომის დასრულებისთვის.

"მაგალითად, ჩვენ ვთქვით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ჩვენს დღის წესრიგში არ შედის. და ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასე ფიქრობს - შემიძლია დავასახელო კიდევ ოთხი ქვეყანა, რომლებიც უკრაინის ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგი არიან. გაწევრიანებას 32-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. და ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა ქვეყნები ამბობენ: "ჩვენ არ ვართ ძალიან დარწმუნებულები ამაში (უკრაინის გაწევრიანებაში)“, - განაცხქადა სპეციალურმა წარმომადგენელმა.

კელოგმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი მუდმივად ხაზს უსვამს გარანტიას, რომ უკრაინა არ გახდება ალიანსის წევრი და ამ კონტექსტში ასევე ახსენებს საქართველოს და მოლდოვას.

"და ჩვენ ვპასუხობთ, რომ მზად ვართ ჩავერთოთ დიალოგში ნატოს რუსეთის საზღვრებისკენ შემდგომი წინსვლის შეჩერების შესახებ. რუსებისთვის ეს უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა კელოგმა.