რუსებმა ხარკოვზე, საცხოვრებელ უბნებზე თავდასხმების სერია განახორციელა. დაიღუპა ხუთი ადამიანი, 30-ზე მეტი დაშავდა ან მწვავე შოკი მიიღო, - ინფორმაციას გენერალური პროკურორის ოფისი და ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი ავრცელებენ.

პროკურატურის ცნობით, 17 აგვისტოს, დაახლოებით 22:50 საათზე, რუსეთის ჯარებმა ხარკოვის სამრეწველო რაიონზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

რაკეტა მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობასთან ახლოს მოხვდა, რამაც 11 მშვიდობიან მოქალაქეში, მათ შორის 13 წლის გოგონაში, მწვავე სტრესული რეაქცია გამოიწვია.

წინასწარ დადგინდა, რომ გამოყენებული იქნა "ისკანდერის“ ტიპის რაკეტა.

18 აგვისტოს, დაახლოებით 05:00 საათზე, ხუთმა დრონმა იმავე რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს შეუტია. ნაწილობრივი ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 1,5 წლის ბავშვი. სულ მცირე 19 ადამიანი დაშავდა და შოკირებულია, დაშავებულთა შორის არიან ბავშვები.

ადგილზე სპეციალური სამსახურები და მაშველები მუშაობენ, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

წინასწარი გამოძიება ომის დანაშაულების ფაქტებზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლი) დაიწყო.

ქალაქის მერმა საცხოვრებელ კორპუსზე ტერორისტული თავდასხმის გამო გლოვის დღე გამოაცხადა.

"გულწრფელად ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს. ხარკოვი ყველა მსხვერპლს იხსენებს. ხარკოვი აუცილებლად გადარჩება“, - აღნიშნა მან.