უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს ომის გასახანგრძლივებლად და მოლაპარაკებების ჩასაშლელად.

"რუსეთი ომს აჭიანურებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უბრალოდ სიტყვებით მოატყუოს ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ მოსკოვზე გავლენის მოხდენას. მოსკოვთან სიტყვები არ მუშაობს. მათი ე.წ. "მემორანდუმიც" ჯერ არავის უნახავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა თავისი "მემორანდუმი" არ გადასცა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ თურქეთსაც - ქვეყანას, რომელმაც პირველ შეხვედრას უმასპინძლა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსები სრულიად საპირისპირო დაჰპირდნენ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს და დონალდ ტრამპს.

"კიდევ ერთი რუსული ტყუილი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ შეხვედრები არაფრისმომცემი იყოს. და ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ იყოს საკმარისი სანქციები - საკმარისი ზეწოლა რუსეთზე.

დღეს მთავარსარდალ სირსკის ანგარიში იყო ფრონტზე და რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენს აქტივობებთან დაკავშირებით. მადლობა ჩვენს ბიჭებს მათი სიზუსტისთვის. ეს აბსოლუტურად სამართლიანია - სწორედ რუსეთში უნდა იგრძნონ, რა არის ომი, რათა დიპლომატიაში ჩართვის სურვილი გაუჩნდეთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

სტამბოლში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რუსეთმა გამოაცხადა საკუთარი "მემორანდუმის" მომზადების შესახებ, რომელშიც ის ასახავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საკუთარ ხედვას. კრემლის წარმომადგენლების თქმით, დოკუმენტი შეიძლება გახდეს მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 28 მაისს გააჟღერა წინადადება მოლაპარაკებების მეორე რაუნდის 2 ივნისს, კვლავ სტამბოლში ჩატარების შესახებ. სწორედ აქ გეგმავს რუსული მხარე თავისი "მემორანდუმის" წარდგენას.