ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების განზრახვას არ აჩვენებს, თუმცა დიპლომატიურ ფრონტზე სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი წინსვლაა შესაძლებელი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა პუტინს შესაბამისი განწყობა შეექმნას - ომის დასასრულებლად და არა მის გასაგრძელებლად.

"ჯერჯერობით, სამწუხაროდ, დაზვერვის ყველა მონაცემი, როგორც ჩვენი, ისე პარტნიორების და ყველა სიგნალი რუსეთიდან, მოწმობს იმაზე, რომ პირადად რუსეთის ლიდერს ომი კვლავ სურს“, - აცხადებს ზელენსკი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე მზადაა, დაეთანხმოს ომის შეჩერებას არსებულ ფრონტის ხაზზე, თუმცა პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას ემხრობა.

"ვნახოთ, რა გამოუვათ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს. სექტემბერმა შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს და ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ადამიანების, სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის ხელშესაწყობად“, - განაცხადა ზელენსკიმ.