რუსი ოკუპანტები ჩრდილოეთიდან შეტევითი ოპერაციების რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. მტერმა შესაძლოა, ჩერნიჰივის ოლქს შეუტიოს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

"ჩვენ ვიცით, რომ პუტინმა რუსეთის გენერალურ შტაბს დაავალა შეტევითი ოპერაციის სხვადასხვა ვარიანტის გათვალისწინება, მათ შორის ბელორუსის ტერიტორიიდან, კიევისა და სხვა ტერიტორიების დაკავების მიზნით“, - განაცხადა გენერალმა.

მისი თქმით, რუსეთის გენერალურმა შტაბმა რამდენიმე ვარიანტი მოამზადა. ერთ-ერთი მათგანი ბელორუსის ტერიტორიიდან შეტევაა. როგორც სირსკიმ აღნიშნა, არ ფიქრობს, რომ ბელორუსის ხელმძღვანელობა დათანხმდება რუსების მიერ ბელორუსის ტერიტორიის კვლავ პლაცდარმად გამოყენებას, თუმცა უკრაინა ამ ვარიანტსაც განიხილავს.

"ყველაზე სავარაუდო სცენარი, რასაც რამდენიმე ინფორმაცია ადასტურებს, არის შესაძლო შეტევითი მოქმედებები ჩრდილოეთში რუსეთის ტერიტორიიდან, ბრიანსკის ოლქიდან... არა კიევის მიმართულებით, არამედ ჩერნიჰივის ოლქის მიმართულებით“, - განაცხადა სირსკიმ.

მისივე თქმით,  რუსები ცდილობენ უკრაინის ტერიტორიაზე ღრმად შეღწევას, რათა აიძულონ უკრაინელი დამცველები ძირითადი სტრატეგიული ტერიტორიებიდან გადაინაცვლონ. ეს მოიცავს ფრონტის იმ მონაკვეთებს, სადაც უკრაინა აქტიურად არის ჩართული, რუსეთს სურს ფრონტის გაფართოება და უკრაინისთვის რეზერვების ჩამორთმევა.