დღეს, 16 მაისს, თურქეთში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებზე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები თარჯიმნის მეშვეობით ურთიერთობდნენ. შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული ასპექტის, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა "1000/1000-ზე" ფორმულით ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

"ჩვენ ვიცით თარიღი, მაგრამ ჯერ არ დავასახელებთ“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს განხილული იყო ცეცხლის შეწყვეტის „ყველა მოდალობა“. უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, დეტალებზე ის მოგვიანებით ისაუბრებს.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმერ მედინსკის განცხადებით, მოლაპარაკებებზე რამდენიმე საკითხზე მოხერხდა შეთანხმება.

"უკრაინულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებები დასრულდა. საერთო ჯამში, ჩვენ კმაყოფილი ვართ შედეგებით, მზად ვართ კონტაქტების გასაგრძელებლად. რაზე შევთანხმდით: პირველი, უახლოეს დღეებში გაიმართება ტყვეების გაცვლა „1000/1000-ზე ფორმულით“; მეორე, უკრაინულმა მხარემ მოითხოვა პირდაპირი მოლაპარაკებები ქვეყნების ხელმძღვანელებს შორის. ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ეს მოთხოვნა; და მესამე, ჩვენ შევთანხმდით, რომ თითოეული ქვეყანა წარმოადგენს თავის ხედვას სამომავლოდ ცეცხლის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით. ასეთი ხედვის წარდგენის შემდეგ, მიგვაჩნია, მიზანშეწონილი იქნება – და ამაზე შეთანხმებული ვართ – გავაგრძელოთ მოლაპარაკებები“, – განაცხადა ვლადიმერ მედინსკიმ.

პირველი რაუნდის შემდეგ მოლაპარაკებების შესაძლო გაგრძელების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურებულა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე დელეგაციამ დოლმაბაჰჩეს სასახლე დატოვა.

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ლიდერებმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს.

მისივე თქმით, კიევი მზადაა "მაქსიმალურად სწრაფი ნაბიჯებისთვის“ ნამდვილი მშვიდობის მისაღწევად.

"ჩვენი პოზიციაა – თუ რუსები უარს ამბობენ ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტასა და მკვლელობებზე, მაშინ უნდა იყოს ძლიერი სანქციები. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, სანამ რუსეთი არ იქნება მზად ომის დასასრულებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თურქეთში პირდაპირი მოლაპარაკებების ინიციატორი პუტინი იყო. მან უკრაინას შესთავაზა პირდაპირი მოლაპარაკებების ჩატარება "პირობების გარეშე“ სტამბოლში მას შემდეგ, რაც უკრაინამ და ევროპელმა ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას 12 მაისიდან 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თუ მოსკოვი უარს იტყოდა, უკრაინის პარტნიორები სანქციებით დაემუქრნენ.

უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდა პირდაპირი მოლაპარაკებების წინადადებას და კრემლის ხელმძღვანელს თურქეთში პირადი შეხვედრა შესთავაზა. გუშინ ზელენსკი მოლაპარაკებებზე მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა, თუმცა, პუტინმა უარი თქვა წასვლაზე და სტამბოლში დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა.

ამავდროულად, ტრამპმა განიხილა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი იქ იქნებოდა. შედეგად, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ახლო აღმოსავლეთში ტურნეს შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდება.

ბოლოს რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა მოლაპარაკებები 2022 წელს გამართეს, თუმცა ის წარუმატებელი აღმოჩნდა და საბოლოოდ მაისში შეწყდა, როდესაც მთელმა მსოფლიომ ბუჩასა და სხვა ადგილებში ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისასტიკე იხილა.