ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი გახარია გონებასუსტს თამაშობს და ვითომ მიამიტურ კითხვას სვამს, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცივილიზებული ქართველი საზოგადოება ითხოვს არჩევნებს, მაგრამ უარს ამბობს იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც უნდათ, რომ მონათლონ არჩევნებად.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი გახარია გონებასუსტს თამაშობს და ვითომ მიამიტურ კითხვას სვამს, იმიტომ რომ არჩევნებზე არავინ ამბობს უარს, ჩვენ სპეცოპერაციაზე ვამბობთ უარს, რომელსაც ქოცური რეჟიმი, არქმევს არჩევნებს. ჩვენ პირიქით არჩევნებს ვითხოვთ, რანაირად ვამბობთ უარს. ცივილიზებული ქართველი საზოგადოება ითხოვს არჩევნებს, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ იმ სპეცოპერაციაზე, რომელიც უნდათ, რომ მონათლონ არჩევნებად.

თუ გახარია განწყობილია, რომ სპეცოპერაციაში ქოცების სცენარით მიიღოს მონაწილეობა, ეს მისი პრობლემაა, გამოჩნდება და ქართული საზოგადოება კარგად დაინახავს, რას წარმოადგენენ ისინი. თუ განსხვავებას ვერ ხედავენ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციასა და არჩევნებს შორის, ეს არის თავის გაბრიყვება და გასულელება და ნუ გაიმასხარავებენ და გაისულელებენ თავს, ესაა ჩემი პასუხი", - განაცხადა ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

მისივე თქმით, “მათი მიზანია მშვიდობიანი ბრძოლა ამ კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ".

პარტია „საქართველოსთვის“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ქარდი - "კითხვა პარტიებს, „ახალს“, „ნაცებს“, „ლელოს“, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ, რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ?"