აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაინტერესებულია იშვიათი მინერალებით, რომლებიც გვხვდება უკრაინის წიაღში. უკრაინა ღიაა ამერიკული ინვესტიციებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების გეგმის ერთ-ერთი პუნქტი იყო უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის ეკონომიკაში.

"ჩვენ გვაქვს საკმარისი იშვიათი მინერალები და ხედავთ, რომ რუსეთს 2014 წლიდან ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ზოგან მართლაც არის მინერალების დიდი საბადოები. ჩვენ ღია ვართ იმისთვის, რომ ისინი განვითარდნენ ჩვენი პარტნიორების მიერ, რომლებიც გვეხმარებიან მიწის დაცვაში, მტრის უკან დახევაში მათი იარაღით, ყოფნით და სანქციებით. და ეს აბსოლუტურად სამართლიანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ჯერ კიდევ სექტემბერში ტრამპთან განიხილა უკრაინაში ამერიკული ინვესტიციების შესაძლებლობა.

"ჩვენ ღია ვართ ამერიკული კომპანიების ინვესტიციების შემოდინებისთვის - სიამოვნებით. რატომ? იმიტომ, რომ თუ რუსეთი აკონტროლებს ამ სფეროს, მასში სხვა ქვეყნები და კომპანიები შევლენ. დარწმუნებული ვარ, მათ შორის იქნება ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ამაზე ვესაუბრე - ეს ფაქტებია. ვისურვებდი, რომ ამერიკულმა ბიზნესებმა, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან უკრაინის ბაზარზე შემოსვლით, განავითარონ ეს მიმართულება აქ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის იშვიათი მინერალების მარაგზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას სამხედრო დახმარების გაგრძელებას ჰპირდება. 

უკრაინას ურანის, ლითიუმის და ტიტანის უდიდესი მარაგები აქვს.