ჩემი აზრით, "ხარება" შეჰპირდათ, რომ ამ აქციებს მოგიკლავთ რამდენიმე თვეში ამ სადისტური მეთოდებით და უნდა, რომ მინისტრთან და მთავარ მბრძანებელთან დაიწეროს ქულები, - ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზვიად ხარაზიშვილს ამალად ვინც დაჰყვება, სამმართველოს და მთავარი სამმართველოების უფროსად ჰყავს დანიშნული.

"ხარება" მარტო არ გადაადგილდება. ეგ რომ დადის, ამალა დაჰყვება და ეს ხალხი, სამწუხაროდ, ყველა მას დანიშნული ჰყავს სამმართველოს უფროსად ან მთავარი სამმართველოს უფროსად, რიგითი თანამშრომელი მანდ არავინ გეგონოთ, ვინც მის მანქანას 20-25 ადამიანი დასდევს და ელოდებიან, როდის მისცემს ბრძანებას. 

სისტემაში რომ მიდიხარ, ფორმას იცვამ და იქ გაბრაზებული მოქალაქე მოდის, მოქალაქე შენ, როგორც სახელობითად არ მოგმართავს, წარმოუდგენელია, მან იცოდეს შენ ვინ ხარ. ის ადამიანი თუ პირობითად შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამბობს, კონკრეტულად შენი მისამართით არ იძახის, მაგრამ რომ იძახდეს, მანდ არის თმენის ვალდებულება. შენც თუ ვიგინდარულად დაუბრუნე პასუხი მოქალაქეს, მაშინ სად არის სახელმწიფო, სისტემა, ადამიანის უფლებები. 

"თბილისი მოლთან" არ იყო დაგეგმილი ღონისძიება. დაგეგმვის შემთხვევაში, მანდ აქცია ჩატარდებოდა მშვიდობიან გარემოში. საპატრულო პოლიციას იმის დაორგანიზება გაუჭირდა, რომ ერთი მხარე გადაექცია ორმხრივ მოძრაობად. მართვა და კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. აქ არის ქულების დაწერა. ჩემი აზრით, "ხარება" შეჰპირდათ, რომ ამ აქციებს მოგიკლავთ რამდენიმე თვეში ამ სადისტური მეთოდებით და უნდა, რომ მინისტრთან და მთავარ მბრძანებელთან დაიწეროს ქულები", - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.