უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს მთავარსარდალთან შეხვედრა გამართა. მათ განიხილეს რუსეთის მხრიდან საფრთხე და ფრონტის ძირითადი მიმართულებები.

"ჩვენი სადაზვერვო სამსახურებიდან - უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდან და მთავარი სადაზვერვო დირექტორატიდან - მივიღეთ ანგარიშები ზაფხულისა და შემოდგომისთვის არსებულ გამოწვევებზე, რუსეთის განზრახვებზე. დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა საფრთხეებზე უნდა მოხდეს რეაგირება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე, მოხსენება წარადგინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმო პოკროვსკის მიმართულებით არსებულ ვითარებას. ცალკე განიხილეს ქმედებები სუმის რეგიონის სასაზღვრო რაიონებში.

"სუმის რეგიონი - ჩვენ ვაგრძელებთ ოპერირებას სასაზღვრო ზონაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა უკრაინულ ქვედანაყოფს.