ივანიშვილი უნდა გავიდეს ქართული პოლიტიკიდან და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ჩართულობით ივანიშვილის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივექანებით უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური კრიზისისკენ, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს გამოსავალი არ აქვს გარდა ქართული პოლიტიკიდან წასვლისა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტარები უკვე კატეგორიულად აყენებენ საკითხს ევროპული კავშირის რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მაინც გააცნობიერეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომ მართლა აგვიანებს სანქციები. 

ჩვენ გუშინ ვიხილეთ შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისრის ძალიან მწვავე და ძალიან ხისტი გამოსვლა. მან პირდაპირ და ღიად ისაუბრა ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე. ვფიქრობ, რომ ევროკომისია თავისი ინსტრუმენტების და შესაძლებლობების ფარგლებშიც მიიღებს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილებას სანქციების მიმართულებით და მგონია, ასევე, რომ ინდივიდუალურად სახელმწიფოებიც მიიღებენ სანქციებს, რომელიც აუცილებლად იმოქმედებს სისტემაზე, ივანიშვილის რეჟიმზე, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ცდილობს საკუთარი ქონების გადარჩენას.  

გაზის, ცემის, წყლის ჭავლის და სასტიკი მოპყრობის პირობებში საქართველოს მოქალაქეები უდრეკად ითხოვენ ორ რამეს - ახალ არჩევნებს და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას. ამას ითხოვს  ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილიც, მედია, სახელოვნებო წრეები. ივანიშვილს სხვა თამაში არ აქვს, უკან დასახევი გზა მას არ აქვს. ის უნდა გავიდეს ქართული პოლიტიკიდან და ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ჩართულობით ივანიშვილის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივექანებით უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური კრიზისისკენ",  - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.