ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია და ვიცი, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია, -  ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთად მუშაობით უკეთესი მომავლის შექმნაა შესაძლებელი.

"გამარჯობა, საქართველო. მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით, რომ დაგემშვიდობით და მადლობა გადაგიხადოთ. ჩემი 33 წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო არასოდეს შევხვედრივარ ქართველებივით თბილ, სტუმართმოყვარე და დიდსულოვან ხალხს.

მადლობა, რომ გაგვიღეთ თქვენი გულისა და სახლის კარი მე და ჩემს ოჯახს. მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი გულითადი სადღეგრძელოები და გემრიელი სუფრა, თქვენი დიდებული პოლიფონიური სიმღერა და თქვენი უნიკალური კულტურა.

ჩვენ მოვიარეთ ეს ულამაზესი ქვეყანა სვანეთიდან უშგულამდე, კახეთიდან თუშეთამდე და თბილისის ყველა კუთხის ჩათვლით, სადაც არ უნდა წავსულიყავით, ყველგან საკუთარი ოჯახივით გვიღებდნენ. განცვიფრებული ვართ თქვენი გულუხვი სტუმართმოყვარეობით.

ვიცი, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის განსაკუთრებული კავშირი გაუტეხელია და ვიცი, რომ საქართველოს ადგილი დასავლური დემოკრატიების ოჯახშია. 

ერთად მუშაობით ვიცი, რომ ჩვენი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. დიდი მადლობა და შეხვედრამდე", - განაცხადა რობინ დანიგანმა.