მთავარი ამოცანა იყო და არის "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ვერ გატეხეს, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ დაშალეს და ვერ გაანადგურეს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი გზა დარჩათ, რომ იურიდიულად აკრძალონ პარტია.

"მთავარი ამოცანა იყო და არის "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ვერ გატეხეს, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერ დაშალეს და ვერ გაანადგურეს. ახლა ერთადერთი გზა დარჩათ, რომ იურიდიულად აკრძალონ პარტია. იურიდიულად ასეა - ქალბატონი ჯალათი წულუკიანი მიმართავს მათი ჯიბის პროკურატურას, იქ დაიწყება კონკრეტულ "საქმეებზე" გამოძიება და შემდეგ, როცა ჩატარდება დე ფაქტო პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელიც განსაზღვრული კალენდრით არის სექტემბერში, თუმცა შეუძლიათ, რომ ვადამდელი - საგანგაშო ჩანიშნონ, შემდეგ კენჭი უნდა უყარონ დასკვნას და არალეგიტიმურმა პარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს, რასაც გააკეთებენ იმიტომ, რომ პოლიტიკური მონებითაა დაკომპლექტებული დღევანდელი პარლამენტი, შემდეგ 30 ფიზიკური ხელმოწერა იქნება საჭირო ამ ღალატზე და ამას უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადასცემენ, რომელიც ასევე არის ჯიბის სასამართლო, მაგრამ ეს ფარატინა ფურცლები არავის სჭირდება და არანაირ ღირებულებას არ ატარებს. რამდენიც უნდა, წეროს და იკითხოს ჯალათმა წულუკიანმა. წულუკიანს ჰგონია, რომ მამამისი რომ საბრალდებო დასკვნებზე აწერდა ხელს და ხვრეტდა ადამიანებს, ასე დახვრეტს "ნაციონალურ მოძრაობას" და ნებისმიერ ჩვენგანს.

რაც შეეხება მშვიდობიან რევოლუციას, არაძალადობრივი რევოლუციის ტერმინის რატომ ეშინია ასე ძალიან ივანიშვილს? რატომ ცდილობს ივანიშვილი ამის სტიგმატიზებას? იმიტომ, რომ სწორედ მშვიდობიანი სახალხო დამხობის და რევოლუციის ეშინიათ. "ვარდების რევოლუციის" განცდა იყო სახალხო კონსოლიდაცია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.