მართლაც ვხედავდი, რომ არჩევნები შესაძლებელია იყოს ერთადერთი გზა, როდესაც შეგიძლია პოლიტიკური კონსოლიდაცია მოაწყო, მაგრამ არ მგონია, რომ რომელიმე ერთ ან ორ პარტიას ჰქონდეს იმხელა რესურსი, რომ აჯობოს გაყალბებით და მატერიალური რესურსებით "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში თუ თანაბარ პირობებში გახვალ, მაშინაც კი მარცხისთვის ხარ განწირული.

"მე ვფიქრობ, რომ არჩევნები უნდა იყოს გზა დემოკრატიაში დაბრუნების, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას აქვს სხვა გეგმა, უნდა, რომ მთლიანად მოასუფთაოს ველი, ჩაიგდოს ხელში ყველა ფორმალური ინსტიტუტი, ნომინალურად გააჩინოს ფორმალური დემოკრატიის საფუძვლები, შექმნას კონტროლირებადი ოპოზიცია.

ურთიერთთავდასხმები წარიმართება, რაც დააზიანებს ოპოზიციური ელექტორატის განწყობებს და შესაძლებელია, 4-ში ძალიან ცუდი სურათი დადგეს, როცა განსაკუთრებული გაყალბებების და ფაბრიკაციის გარეშე დაიწეროს ძალიან მაღალი მაჩვენებელი "ქართულმა ოცნებამ". შესაძლოა, 4-ში ღამით ისევ დროშების ფრიალი ვიხილოთ "ქართული ოცნების" და ეს ძალიან ცუდი სურათი იქნება. ეს საფრთხე ჩვენ გვემუქრება, ამიტომ საჭიროა კოორდინაცია და ერთიანი სტრატეგია. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ამ არჩევნებზე რა სტრატეგიით მივდივართ.

მე დემოკრატიული დისკუსიის იმედი მაქვს და უნდა ვიფიქროთ, რომ ფაქტორები, ცვლადები, რომელიც იკვეთება და ამძიმებს პოლიტიკურ ვითარებას, ჩვენ ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ და ამისთვის ჩვენ გარკვეული დრო გვაქვს. 

პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი, დაპატიმრებული არიან პოლიტიკური აქტორები, ხელისუფლება კიდევ უფრო ამკაცრებს პროცესს და არ მისცა საშუალება საერთაშორისო დამკვირვებლებს, ადგილობრივ დამკვირვებლებს, არ აძლევს საშუალებას სამოქალაქო და მედიასაშუალებებს, რომ უზრუნველყონ ელემენტარული გამჭვირვალობა ამ არჩევნებში. შესაბამისად, ეს არჩევნები ვერ იქნება ვერც კონკურენტული, ვერც თავისუფალი და ვერც სამართლიანი. ამიტომ, პრაქტიკულად, მთელი ევროპული საზოგადოება გადაიხარა და ეს არის ევროპარლამენტის ძირითადი ხაზი. ყველა პარტიამ უნდა გადავიაზროთ, რამდენად შეესაბამება რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღევანდელ მოცემულობას, როდესაც პოლიტიკური ველი შინ და გარეთ სულ სხვანაირია. 

მართლაც ვხედავდი,  რომ არჩევნები შესაძლებელია იყოს ერთადერთი გზა, როდესაც შეგიძლია პოლიტიკური კონსოლიდაცია მოაწყო, რომ შესაძლებელია საზოგადოების მობილიზება არჩევნებისთვის და იძულება ხელისუფლების, რომ დათმოს გარკვეული პოზიციები სამართლიანობის თვალსაზრისით. მეც ვხედავდი და მე ვფიქრობ, ყველა, ვინც დღეს მომხრეა ამის, ხედავს, როგორც საშუალებას, რომ მობილიზაცია და კონსოლიდაცია იყოს ოპოზიციური ამომრჩევლის, თუმცა თუ იქნება არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის, მაშინ აქ უკვე არითმეტიკაა, რომ ხმები გაიყოფა, ჯამში ოპოზიციური ელექტორატი კი არის აშკარა უპირატესობაში, მაგრამ, არ მგონია, რომ რომელიმე ერთ ან ორ პარტიას ჰქონდეს იმხელა რესურსი, რომ აჯობოს გაყალბებით და მატერიალური რესურსებით "ქართულ ოცნებას", თუ თანაბარ პირობებში გახვალ, მაშინაც კი მარცხისთვის ხარ განწირული", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.