დღეიდან 4 ოქტომბრამდე ეტაპობრივად დავიწყებ მოყოლას, თუ რას საქმიანობს ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი რუსულ-ირანული ტერორისტული ორგანიზაცია "ქართული ოცნება" საქართველოში, - ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ მისი ლიკვიდაციის განმეორებითი მცდელობა არ იქნება ეფექტური და ყველაფერი გახდება საჯარო.

"დღეიდან 4 ოქტომბრამდე ეტაპობრივად დავიწყებ მოყოლას, თუ რას საქმიანობს ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი რუსულ-ირანული ტერორისტული ორგანიზაცია "ქართული ოცნება" საქართველოში. ვინმეს, შეიძლება, გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ - ეტაპობრივად? მოგახსენებთ, რომ საქართველოს გარეთ მიმდინარეობს მოკვლევა-გამოძიება ამ ინფორმაციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გამოქვეყნების ნაწილში, არ ვარ სრულად თავისუფალი, რათა ხელი არ შეეშალოს ამ პროცესს.

წარმოდგენილ ფაილებში თქვენ ხედავთ FBI-ს მაღალი თანამდებობის პირებს (მათი და მათი ოჯახის ყველა პირადი მონაცემი, გასაგები მიზეზების გამო, დაბლარულია. მათ შორის, დაბადების თარიღები, მისამართები, თანამდებობები, საბანკო ვალდებულებები, ტელეფონის ნიმრები და email მისამართები და ა.შ.). მათ შორის არიან კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებში ფედერალური ბიუროს თანამშრომლები, მეტროპოლიტენის უსაფრთხოების ნაწილში FBI-ს თანამშრომლები, ანტიტერორისტული მიმართულების მაღალჩინოსნები და ა.შ. ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რას უკავშირდება ასე სტრატეგიულად შერჩეული პირები. ამას საერთაშორისო გამოძიება და FBI, ალბათ, თავად გასცემენ პასუხს გამოძიების დასრულებისას. ეს ფაილები შექმნილი და დამუშავებულია მოსკოვში ფსბ-ს მიერ, ხოლო შემდეგ გადმოცემულია საქართველოში საბოლოო გეგმის შესასრულებლად, კერძოდ, ქართული, საკმაოდ დახვეწილი ქოლცენტრების მიერ.

ფსბ-ს დავალებით, მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამ ადამიანებისთვის გარკვეული ტიპის, ხშირ შემთხვევაში, ფინანსური პრობლემების შექმნა, რის შემდეგაც, ფსბ-ს სხვა დანაყოფი ამ ადამიანებს მოევლინებოდა მხსნელად.
ამ სპეცოპერაციებში მონაწილეობდა არაერთი ქართველი მაღალჩინოსანი. მინდა გამოვყო ფინანსური პოლიციის ყოფილი შეფი სოსო რამიშვილი და მისი ძმა, რომლის როლიც განსაზღვრული იყო და, უმეტეს შემთხვევაში, წარმოადგენდა ფოსტალიონობას თბილისსა და მოსკოვს შორის. საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, მე, ასევე, მიწოდებული მაქვს თბილის-მოსკოვს შორის საკომუნიკაციოდ გამოყენებული ტელეფონის ნომრები. ვფიქრობ, თაღლითუხუცეს სოსო რამიშვილს და, თუნდაც, მომღერალ "უცნობს" - გაჩეჩილაძეს, ბევრი აქვთ მოსაყოლი, თუ რას საქმიანობდნენ საზმაუს მიწისქვეშა სართულებზე.... 

არ მინდა, ყურადღების მიღმა დამრჩეს ყოფილი გენპროკურორი - კრიმინალი გიორგი გაბიტაშვილი. თუმცა, მის როლზე, ადგილობრივ კრიმინალსა, თუ ტრანსნაციონალურ დანაშაულობებში მონაწილეობაზე, სხვა პოსტში ვისაუბრებ, რადგან მოსაყოლი ძალიან ბევრია და იმ ნაწილში დავუბრუნდები ჩემი უკანონო დაკავების მარტის თვეს და კიდევ იმას, თუ რას უკავშირდებოდა ის გავეშებული დევნა 112 კაცითა და 84 მანქანით.

FBI-ს ეს საგანგებოდ შერჩეული თანამშრომლები ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერ/2025 წლის იანვარში წარმოადგენდნენ მხოლოდ მათი ქოლცენტრების სამიზნეებს. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია, ჩემს ხელში მოხვედრის თანავე, მივაწოდე საქართველოში ამერიკის საელჩოს და მჯერა, რომ ამითი, პირველ რიგში, დავიცავი ჩემი ქვეყნის რეპუტაცია. ასევე, მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ "მეგობარი" აქტის წარმომადგენელთა პალატაში განხილვის დღეს, ამ ფაილების სრული ვერსიები და სხვა მრავალი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თითქმის ყველა კონგრესმენს ედო მაგიდაზე. ალბათ, გიჩნდებათ ლოგიკური კითხვა, თუ საიდან მოხვდა ეს ფაილები და ეს დოკუმენტაცია ჩემს ხელში. პირდაპირ გეტყვით, რომ დაახლოებით სამი-ოთხი წლის წინ, როდესაც ფსბ-ს დანაყოფ "ქართულ ოცნებას" გამოვუცხადე ომი, ძალიან სტრატეგიულად გავთვალე, თუ სად უნდა მეძებნა მათი სუსტი წერტილები. ამ ფაილების ნახვის შემდეგ, ვიცი, ბევრი შემოირტყამს შუბლზე ხელს და მიხვდებიან, რომ იმაზე ახლოს ვიყავი მათთან, ვიდრე წარმოედგინათ. აქვე, მსურს დავაანონსო, რომ შემდეგ პოსტში გამოვაქვეყნებ 14 მისამართს, სადაც ყველა ობიექტურ მედია საშუალებას შეეძლება LIVE კამერით მისვლა და საზოგადოება ნახავს, თუ ვინ ბინადრობს ჩვენი ქალაქის ცენტრში და რას საქმიანობენ ამ ქვეყანაში. მჯერა, რომ მხილებების ეს სერია, პირველ რიგში, ეფექტური იქნება გონებადახშული, უმძიმესი პროპაგანდის ქვეშ მყოფი ე.წ. ნეიტრალური და მშვიდად მაყურებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
აქვე, მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩემი ლიკვიდაციის განმეორებითი მცდელობა არ იქნება ეფექტური და რომ ყველაფერი გახდება საჯარო.

საქართველო არასოდეს იქნება რუსეთი და 2025 წლის შემოდგომა იქნება ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვების მომტანი.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!

გლდანის მე-8 დაწესებულება

გიორგი ჩიკვაიძე", - აღნიშნულია წერილში.