არ ვიცი ჯანგველაძის მკვლელობა კობახიძემ გამოიყენა შიდა დაპირისპირებისთვის, თუ ივანიშვილის ჰქონდა ასე დაგეგმილი, თუმცა აქედან დაიწყო "ოცნებაში" ცვლილებები  - ამის შესახებ ნიკა ობოლაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობის საქმეს უკავშირდება გუნდიდან ღარიბაშვილ-ლილუაშვილ-გომელაურის ჩახსნა და ძალაუფლების კობახიძე-მდინარაძეზე გადასვლა.

"თებერვალში ძალიან აქტიური იყო ამბავი, რომ გრიგოლ ლილუაშვილი უმზადებდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტს ირაკლი კობახიძეს. იქ იყო შიდა ბრძოლები. მაშინ ხელისუფლება ჰქონდა, სანამ ბოლომდე კობახიძის ეპოქა დადგებოდა, ჰქონდა ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს, ფარცხალაძეს და პოლიტიკური კლასიდან კობახიძე-მდინარაძის ტანდემი და ამათ შორის დაპირისპირება სულ იყო. ბიძინა რომ "დაბრუნდა" პოლიტიკაში მაშინ თქვა, რომ გუნდში დაპირისპირებაო. მოკლედ რითაც დავიწყე, მაშინ სუსმა გადააყენა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და ამან გამოიწვია კობახიძის აღშფოთება. ამის მერე ხდება ჯანგველაძის მკვლელობა და არ ვიცი ეს კობახიძემ გამოიყენა შიდა დაპირისპირებისთვის, თუ ივანიშვილის ჰქონდა ეგრე დაგეგმილი, თუ ივანიშვილის შეკვეთილი იყო, მაგრამ  უნდა ითქვას, რომ ჯანგველაძის მკვლელობა ვერ მოხდებოდა ქვეყანაში, მით უმეტეს ფარცხალაძის და მიქაძეების შეკვეთით მაშინ, როცა ეს ხალხი ხელისუფლებაში იყო, ვსაუბრობ ლილუაშვილზე, ფარცხალაძეზე და გომელაურზე და ამის მერე ხდება ზუსტად ხელისუფლების ცვლილება. ივანიშვილი იშორებს ლილუაშვილსაც, გომელაურსაც და ფარცხალაძესაც და მოდიან "ღვანკითის კლანი". ვატო ყიფიანი ჩამოიყვანეს ფარცხალაძის ნაცვლად ქუჩაში საქმეების დასალაგებლად და უცებ გადაწყვიტა ბიძინამ, რომ ამ ორს ჩავაბარებ ქვეყანას, საუბარია მდინარაძე-კობახიძეზე. მერე  პოლიტიკას კობახიძემ "მიხედა" და ძალოვნების დალაგება დაიწყო მდინარაძემ. შსს-ში იყო მისი კადრი - გეკა გელაძე. სუსში იყო მისი კადრი და ქუჩაშიც ჩამოიყვანა ვატო ყიფიანი", - აცხადებს ობოლაძე.