საკადრო ცვლილებებს თუ წმენდებს, ვინ იქნება აღმსრულებელი ადამიანების წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი. თუმცა ფაქტია, რომ ივანიშვილს საკადრო მხრივ უჭირს და ოლიგარქის კარზე მიმდინარეობს კლანური დაპირისპირება, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

"ჩვენ ვიხილეთ უპრეცედენტო შემთხვევები დარბევების, არაადამიანური მოპყრობის, წამების ეპოპეა, როდესაც რუსთაველის გამზირზე კვირები, თვეების განმავლობაში უსწორდებოდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს, ამიტომაც ბატონი გომელაურის ბექრაუნდში ყოველთვის იქნება ეს მძიმე დანაშაული. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს თუ წმენდებს ოლიგარქის კარზე ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი, ვინ იქნება აღმსრულებელი ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ფაქტია, რომ ივანიშვილს საკადრო მხრივ უჭირს და მიმდინარეობს კლანური დაპირისპირება ოლიგარქის კარზე.

პოლიტიკოსებს, აქტივისტებს რომ ხვდებოდნენ სადარბაზოებთან და სცემდნენ, ეს ვერ მოხდებოდა შსს-ს მინისტრის ნებართვის გარეშე. როგორც ვთქვი, ივანიშვილის ბრძანებების აღმსრულებელი ვინ იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, მით უმეტეს შს მინისტრი, რომელსაც ექნება სადამსჯელო ინსტრუქციები მიცემული", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დღეს დატოვა. შს ახალი მინისტრი გელა გელაძე იქნება.