თბილისის მერია არაფერს ეუბნება იმ 120 ოჯახის 400-ზე მეტ წარმომადგენელს, იმ შემთხვევაში თუ დატოვებენ შენობებს, რა ბედი ელით მათ -  რა ალტერნატიულ გზას სთავაზობს მუნიციპალიტეტი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქციის “თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

"თბილისში, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის №1-ში, ორი წელია 120  ოჯახი ცხოვრობს უკიდურესად მძიმე სოციალურ და ყოფით პირობებში. ეს ადამიანები, მათ შორის, მრავალშვილიანი ოჯახები და სოციალურად დაუცველები, იძულებული გახდნენ შესახლებულიყვნენ მიტოვებულ შენობებში.

ამ ოჯახებმა საკუთარი ძალებით, უმნიშვნელო რესურსებით, მოახერხეს შენობის პირობების მცირედი გაუმჯობესება - უზრუნველყვეს მინიმალური საცხოვრებელი პირობები, რომ თავი შეეფარებინათ. მათთვის ეს სივრცე ერთადერთი თავშესაფარი გახდა.

ახლა კი ქალაქის მთავრობა მათ უცხადებს, რომ უნდა დატოვონ აღნიშნული ტერიტორია, შესაბამისი უწყებები კი ძალის გამოყენებით აპირებენ მათ გამოყვანას.

ბოლო თვეში უკვე დაიწყო აღსრულების პროცედურები, ადგილზე გამოჩნდნენ საპატრულო ეკიპაჟები და დემონტაჟის ბრიგადები, რაც ამძაფრებს ადამიანების შიშს და გაურკვევლობას.

ყველაზე შემაშფოთებელი  ისაა, რომ დღემდე ადგილობრივ ხელისუფლებას არ ჰქონია არც ერთი  მცდელობა დალაპარაკებოდა ამ ხალხს - გამხდარიყო მედიატორი მეპატრონეს და მოსახლეობას  შორის, რომ გამართულიყო მოლაპარაკება მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებისთვის.

თბილისის მერია არაფერს ეუბნება იმ 120 ოჯახის 400-ზე მეტ წარმომადგენელს, იმ შემთხვევაში თუ დატოვებენ შენობებს, რა ბედი ელით მათ -  რა ალტერნატიულ გზას სთავაზობს მუნიციპალიტეტი.

ქალაქში, რომლის მერიც მუდმივად საუბრობს ურბანულ განვითარებასა და სოციალურ ინკლუზიაზე, ადამიანების ასეთი მძიმე  მდგომარეობის სრული უგულებელყოფა ადგილობრივი ხელისუფლების რეალურ სახეს აჩვენებს - მათ მოსახლეობა მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებათ, ისინი არ ზრუნავენ ადამიანებზე, ზრუნავენ მხოლოდ კორუფციაზე და ძალაუფლების შენარჩუნებაზე.

მოვუწოდებთ, ადგილობრივმა და ცენტრალურმა ე.წ. ხელისუფლებამ გამოიჩინოს ელემენტარული პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ ოჯახებთან მათი ინტერესების გათვალისწინებისთვის საუბარი.

ჩვენი ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დეპუტატები ვთავაზობთ სივრცეს და გამოვხატავთ ჩართულობის მზაობას ჩვენი მოსახლეობისთვის ამ საარსებოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად", - განაცხადა ხვედელიანმა.