გთხოვთ უმორჩილესად,  მობრძანდით. 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ საქართველოს პარლამენტისკენ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე მოქალაქეებს სთხოვს, ხვალინდელ დღეს, 25 ნოემბერს შვებულება აიღონ და სამსახურიდან ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ.

"დღეს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ საქართველოს პარლამენტისკენ. პარალელურად გვიერთდებიან რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები. დასავლეთ საქართველო შეიკრიბება რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო თავისუფლების მოედანზე.

ამიტომ, გთხოვთ უმორჩილესად, დღეს, 21:00 საათზე მობრძანდით რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავაკეთოთ მსვლელობა. მეორე, უმორჩილესად გთხოვთ, 25 ნოემბერი გამოაცხადეთ დასვენების დღედ - დაეთხოვეთ სამსახურებში, აიღეთ შვებულება და შემოგვიერთდით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე აქციაზე, რომელიც იქნება უწყვეტად, საღამოს 21:00 საათიდან, როდესაც მსვლელობა დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღეს, 24 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად საპროტესტო მსვლელობას და აქციას 21:00 საათზე გამართავენ. პროტესტის მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.