წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს. ეს წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა შეუძლიათ.

"უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველო ევროკავშირთან პრივილეგირებული ურთიერთობით სარგებლობს. ჩვენ ქართველებს ევროპაში უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შესაძლებლობა გავუზიარეთ. სამი წლის წინ საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადი შეიტანა და ჩვენ მას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად მივანიჭეთ. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით ერთი წელია, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კარგად არ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, არსებობს შეკითხვა - დამსახურებულია თუ არა ეს პრივილეგირებული ურთიერთობა, რომლითაც საქართველო სარგებლობს. წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთ იდეას უვიზო რეჟიმის შეჩერება წარმოადგენს. ეს წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და მათმა ორმა მესამედმა უნდა გადაწყვიტოს. ეს დისკუსიები უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. ამ ეტაპზე იმას ვიტყოდი, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ამას ეწინააღმდეგება, დისკუსია გრძელდება, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა შეუძლიათ“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ლობირების პროცესს იწყებს, რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ.