მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა "ქართული ოცნებისას". ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო, გადავიხდი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის მართალია საკუთარი სინდისისა და ქვეყნის წინაშე.

"რა უნდა გითხრათ საქმეზე, რომელიც შეკერილია და რომელიც ყველა პოლიტიკური ლიდერის მიმართ აღიძრა, რომელიც იმ კომისიაზე არ მივიდა, რაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოდაა შექმნილი. მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა "ქართული ოცნებისას". ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო, გადავიხდი. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ ჩემი სინდისის და საქართველოს კონსტიტუციის წინაშე.
  
საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ერთხელ უკვე ვნახეთ, იმავეს ველოდები და რეალური კომუნიკატორი იქნება ჩემი პარტია და ჩემი მეუღლე სოფო, რომელიც აქამდეც ჩართული იყო ამ პროცესში. 

არ მინდა ამისგან დრამა, ჩემი შვილები მიჩვეულები არიან ამას, მაგრამ არა უშავს, მათ იციან, რომ მთელი ოჯახი ვიბრძვით სამშობლოს ინტერესებისთვის. "ქართული ოცნება" რაც უფრო ცუდად მოიქცევა, უფრო მალე დაამთავრებს თავის ხელისუფლებას და ეს ჩვენი ინტერესია. ჩვენ გავიმარჯვებთ მაინც", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა და ის რუსთავის ციხესთან მივიდა.