შსს-ს მიმართ მაქვს ნულოვანი ნდობა. აქ მოსვლის მოტივაციაც არ მქონდა, ზუსტად ვიცი, ეს პროცესი იქნება ფორმალობა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას მეუღლემ კოტე იოსელიანმა საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

"ეს იყო კლასიკური გატაცება მისი ყველა შემადგენელი ფორმით. ეს მოხდა ჩემს სახლთან, ცხადია ძალადობის ფონზე. როგორც ფილმებში გაქვთ ნანახით, ასეთი ვითარება იყო. თავიდან ვიფიქრე, რომ იმ სერიების გაგრძელება იყო, როდესაც ხალხს სახლებთან ხვდებიან და მათზე ძალადობენ, თუმცა მანქანაში შეთრევის და თვალებზე შესაბამისი პირბადესავით წამოცმის შემდეგ მივხვდი, რაშიც იყო საქმე და გადამიყვანეს ჩემი საცხოვრებელი სახლიდან არც თუ ისე შორს.  მე ვვარაუდობ, რომ ეს არის საბურთალოს ტერიტორია, ვვარაუდობ ბევრ რამეს კიდევ. შემდეგ იყო ის მოთხოვნა, რაც ცხადია, ჩემი მხრიდან შესრულდა იმიტომ, რომ მე არ ვთვლი, რომ პრინციპულ ან მორალურ კომპრომისზე წავედი. მე ამ საკითხზე ბოდიში მოხდილი მქონდა და ხელმეორედ ბოდიშის მოხდა  არ ჩავთვალე დიდ ამბად იმ ფონზე და იმ საკითხებზე, რაზე მიმდინარეობდა ეს კომუნიკაცია. აქ იყო საუბარი ჩემს შვილებზე, მათ გადაადგილებაზე, ვაკის პარკში მათი სიარულის განრიგზე. 

ცხადია, რომ ეს არ არის ის თემა, სადაც ერთი კონკრეტული მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უსამართლობასა და ძალადობაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის პოლიტიკური მდგენელის აქტი და ამას შესაბამისად, პოლიტიკური შედეგები ექნება და აქვს კიდევაც. 

წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დაგეგმა, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მე გულწრფელი ბოდიში მართლა მქონდა მოხდილი. 

მინდა, უტა ივანიშვილს მივმართო - თუკი ამ საკითხთან დაკავშირებთ რაიმეზე გინდა ჩემთან საუბარი, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები. 

ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ის სპეცსამსახურები, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მოისმინონ ჩანაწერები, აედევნონ, უთვალთვალონ. 

იყო განხორციელებული რამდენიმე ზარი, თვითონაც შეეშინდათ, რომ ატყდებოდა ამბავი, გავუგზავნე ხმოვანი შეტყობინება (თინას), ვუთხარი, რომ ყველაფერი კარგად არის და მალე მოვალ სახლში და ამის შემდეგ მალევე მივედი სახლში.

შსს-ს მიმართ მაქვს ნულოვანი ნდობა, მქონია გარკვეული შეხება სამართალდამცავ სტრუქტურასთან და ამით ვამაყობდი, თუმცა დღეს ვთვლი, რომ შსს არ არის ის სამინისტრო, რომელიც მოქალაქეების უსაფრთხოებას ემსახურება. აქ მოსვლის მოტივაციაც არ მქონდა, ზუსტად ვიცი, ეს პროცესი იქნება ფორმალობა. ამოცნობადი არცერთი არ არის (გამტაცებელი), იყვნენ ნიღბებით", - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე კოტე იოსელიანის გამოკითხვა მიმდინარეობს.  

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მისი მეუღლის კოტე იოსელიანის მიერ უტა ივანიშვილისთვის მოხდილ ბოდიშს წინ კოტე იოსელიანის გატაცება და ოჯახის წევრების მიმართ მუქარა და დაშინება უძღოდა.