არ ვეთანხმები ტუსკს, რომ მესამედი უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები საკუთარი სიცოცხლით ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა ინდივიდუალური პირები უნდა დასაჯოს და არა ქართველი ხალხი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით.

"თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ან თავად ევროკავშირს, როგორც ინსტიტუციას სურს ქართველი ხალხის დახმარება, მათ უნდა გამოიყენონ შესაბამისი შეზღუდვები ინდივიდუალური პირების მიმართ და იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ამ ქვეყანას ხელს უშლიან, რომ გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, ამ ქვეყანას უკარგავენ მომავალს. ამ ადამიანების მიმართ უნდა იყოს ევროკავშირი ხისტი იმიტომ, რომ ჩვენთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა არის ძალიან დიდი ტრაგედია და მე ვფიქრობ, რომ ეს უკიდურესი ფორმა უნდა იყოს. არ ვეთანხმები ტუსკს, რომ მესამედი უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები საკუთარი სიცოცხლით, თავისუფლებითა და ჯანმრთელობის რისკის ფასად ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი მოთხოვნები, წინაპირობები. ამის შესრულებას მონიტორინგს რეგულარულად უწევს ევროკავშირი. მე რა ბოლო ინფორმაციაც მაქვს, საქართველოს მიმართ იყო გაწეული რვა რეკომენდაცია და ამწუთას არცერთი არ არის შესრულებული, შესაბამისად, ეს საკითხი წელიწადში ერთხელ ისედაც შეფასდება აკმაყოფილებენ თუ არა ქვეყნები ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს და საქართველოს ეს მოთხოვნები არ აქვს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ლობირების პროცესს იწყებს, რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ.