დღეს, ლარის 30 წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, მთავარი გამომსვლელი იქნება ცნობილი პუტინისტი ეკონომისტი ჯეფრი საქსი, ამ პიროვნების მთავარ სტუმრად  მოწვევა უკვე არის “ოცნების” მთავრობისა და ეროვნული ბანკის  ღია პრორუსული განაცხადი, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე წერს.

მისი თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სპეციალურად შეარჩიეს იგი მისი  აშკარა პრორუსული და ანტიუკრაინული პოზიციის გამო.

"რაზე მიგვითითებს ის ფაქტი, რომ დღეს, ლარის 30 წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციაზე, მთავარი გამომსვლელი იქნება ცნობილი პუტინისტი ეკონომისტი ჯეფრი საქსი? იმაზე, რომ სპეციალურად შეარჩიეს იგი მისი აშკარა პრორუსული და ანტიუკრაინული პოზიციის გამო. იგი ამართლებს ყირიმის ანექსიას და თვლის მას რუსეთის ნაწილად, ეწინააღმდეგება საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. აკრიტიკებს რა ამერიკის, კერძოდ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას ბუქარესტის სამიტზე საქართველოს და უკრაინის სამომავლოდ ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღების გამო, მიაჩნია, რომ უკრაინაში ომის დაწყებაში ბრალი ედება ზელენსკის და ამერიკას, რომლებმაც მოახდინეს რუსეთის “პროვოცირება”. 

ჯეფრი საქსი აღიარებული ეკონომისტია მსოფლიოში. 90-იან წლებში მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის საბაზრო რეფორმებში. იგი იყო რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის მრჩეველი და გაიდარის რეფორმების იდეოლოგი. ეხმარებოდა პოლონეთსაც. 

ორჯერ ვარ შენახვედრი ოთხმოცდაათიან წლებში. დასავლელი სპეციალისტების ცოდნა ჩვენთვის, ვინც გაუკვალავ გზაზე ვადექით რეფორმების პროცესში, მნიშვნელოვანი იყო. როგორც კი ვიცე-პრემიერად დავინიშნე, პირველი რაც გავაკეთე, ვთხოვე ამერიკის საელჩოს და “იუესაიდს” (რომელიც ტრამპმა დახურა) დაგხვმარებოდნენ მრჩევლის მოძებნაში. მთლად ჯეფრი საქსის დონის არ იყო, მაგრამ მალევე ჩამოვიდა ამერიკიდან პროფესორი ლუის ედერინგტონი და ორი თუ სამი წელი გაატარა საქართველოში. ლარიც მაშინ შევქმენით. 

მაშინ ლარი უკვე მზად გვქონდა. თუ დააკვირდებით ლითონის მონეტებს, მასზე ამოტვიფრულია რიცხვი “ 1993 წელი”.  იგი საფრანგეთში მოიჭრა და იქ ინახებოდა თითქმის ორი წელიწადი. ასევე მზად იყო ქაღალდის ფულიც. მისი მატრიცაც საფრანგეთში იდო ქარხანაში და მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერა იყო საჭირო  დასაბეჭდად. 
ლარი 1995 წლის ოქტომბერში იმიტომ შემოვიდა მიმოქცევაში, რომ მანამდე ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა უცხოური ვალუტის რეზერვები და იგი კუპონის ბედს გაიზიარებდა მყისვე. პირველი რეზერვი მოგვცა სავალუტო ფონდმა. ეს იყო ისტორიული მომენტი. შემდეგ მსოფლიო ბანკმა. ამის გამო თითქმის ერთი წლის განმავლობაში იმ დროს მიმოქცევაში არსებული კუპონი იყო სტაბილური (ფაქტობრივად ფიქსირებული) დოლართან მიმართებით. რეზერვების გაჩენამ შექმბა  ახალი ვალუტის გამოშვების შესაძლებლობა. 

ლარი არის ნულებჩამოცილებული, დენომინირებული  კუპონი. 

ლარის შემოღების ისტორიაზე ვამზადებ დიდ მოხსენებას და მის ნამდვილ იუბილეზე შევხვდებით. 

“მაინც არ მოვიდოდა” არაა საკმარისი არგუმენტი. არ მივიდოდი, რა თქმა უნდა. მიუხედავად ამისა, ლარის იუბილეზე არ მიიწვიო ლარის ერთ-ერთი შემოქმედი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, არის სირცხვილი.  

ისევ ჯეფრი საქსს რომ დავუბრუნდეთ, ერთ დროს პოზიტიური პირი ახლა აშკარად ნეგატიური შინაარსის მატარებელია და სამხედრო დამნაშავის, სისხლიანი პუტინის აპოლოგეტად გვევლინება. 

ამ პიროვნების მთავარ სტუმრად  მოწვევა უკვე არის “ოცნების” მთავრობისა და ეროვნული ბანკის  ღია პრორუსული განაცხადი", - წერს რომან გოცირიძე. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს, ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება. პანელური დისკუსიების ფარგლებში კონფერენციის მონაწილეები გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.