არჩევანი ჩვენზეა. რუსული რეჟიმის პირობებში ჩვენ ევროპული პერსპექტივა არ გაგვაჩნია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა არ ექნება ქვეყანას თუ ივანიშვილის რეჟიმი გააგრძელებს მმართველობას, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს ორგანიზებულად უნდა მოიშოროს ქვეყანამ რუსული რეჟიმი.

"კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე ყველაზე მაღალი რანგიდან საქართველოს საზოგადოებამ მოისმინა ჩვენი პარტნიორების საკმაოდ მკაფიო გზავნილები, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხედავენ და აფასებენ იმ ძალისხმევას, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ აჩვენა, როდესაც ასი ათასობით ადამიანმა თავისი ევროპული არჩევანი და ევროპული ღირებულებები დაიცვა. ამჯერად უკვე არჩევანი ჩვენზეა. რუსული რეჟიმის პირობებში ჩვენ ევროპული პერსპექტივა არ გაგვაჩნია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა არ ექნება ქვეყანას თუ ივანიშვილის რეჟიმი გააგრძელებს მმართველობას. ამიტომ, ერთხმად, ორგანიზებულად 26 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ რუსული რეჟიმი", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.