ჩვენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას მხოლოდ მაშინ განვიხილავთ, თუ მაღალჩინოსნები გადადგამენ ხელშესახებ ნაბიჯებს, შემოატრიალებენ დემოკრატიის უკუსვლას, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა საქართველოში ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით ქუჩაში გამოდიოდა, საქართველოს ხელისუფლებამ საპირისპირო მიმართულებით სვლა დაიწყო.

"მადლობა ყველა თქვენგანს, განსაკურებით ქალბატონ რასას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში აქტიურად არის ჩართული. საქართველო არის მკაფიო შეხსენება იმისა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება უკუსვლაც მოხდეს, რადგან, როცა ქვეყანას ვანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად მოხდება ევროკავშირისკენ წინსვლა.

მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით ქუჩაში გამოდიოდა, ხელისუფლებამ საპირისპირო მიმართულებით სვლა დაიწყო. საქართველოს "უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონი" საქართველოში სერიოზული დემოკრატიული უკუსვლის ნიშანია, გრანტებისა და მაუწყებლობის შესახებ კანონებთან ერთად, რომელიც საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

ჩვენს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, უმაღლესმა წარმომადგენელმა კალასმა და მე მოვუწოდეთ ქართველ მაღალჩინოსნებს, აღასრულონ მათი მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნა დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ და გაათავისუფლონ ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, დემონსტრანტი  და პოლიტიკური ლიდერი. ჩვენ ამას ისევ და ისევ გავაკეთებთ. 

პასუხისმგებლობა მხოლოდ ქართველ მაღალჩინოსნებს ეკისრებათ. ჩვენ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას მხოლოდ მაშინ განვიხილავთ, თუ მაღალჩინოსნები გადადგამენ ხელშესახებ ნაბიჯებს, შემოატრიალებენ დემოკრატიის უკუსვლას. ამ დროს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საქართველოს მოქალაქეებს", - განაცხადა მარტა კოსმა.