ფრაქციის "ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის" თავმჯდომარე საბა ბუაძე აცხადებს, რომ პარტიის წევრი მიხეილ კაკაურიძე "ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოში კვორუმის შექმნაში დაეხმარა, რის გამოც გაერთიანებიდან გარიცხეს.

"23 მაისს თბილისის საკრებულოს სხდომაზე "ქართული ოცნების“ შემადგენლობა კვორუმის არქონის გამო ვერ ხსნიდა სხდომას, სადაც უნდა მომხდარიყო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა და ვიცე-მერის ახალი კანდიდატურის დამტკიცება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, "ძლიერი საქართველო" და თბილისის საკრებულოში ოპოზიციის სრული შემადგენლობა, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცების შემდეგ იმყოფება პოლიტიკურ ბოიკოტში და არ მონაწილეობს საკრებულოს სხდომებში. ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს მიერ 2024 წლის ნოემბერს.

სამწუხაროდ, საერთო ოპოზიციური ბოიკოტის და მკაფიო მოწოდების მიუხედავად, „ძლიერი საქართველოს“ გლდანის შტაბის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა მიხეილ კაკაურიძემ, რომელიც 2024 წელს შემოგვიერთდა, დაარღვია აღნიშნული ბოიკოტი და დაეხმარა "ქართულ ოცნებას“ კვორუმის შექმნაში, რის გამოც როგორც "ძლიერი საქართველოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან", - აღნიშნულია განცხადებაში.