კიევის სოლომენსკის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 39 საათზე მეტხანს გაგრძელდა და დღეს საღამოს დასრულდა. ნანგრევებიდან 23 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

მისი თქმით, შენობების დემონტაჟი გრძელდება.

კლიმენკოს თქმით, მხოლოდ ამ ადგილას ნანგრევებიდან 23 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. სულ 17 ივნისს რუსული დაბომბვის შედეგად დედაქალაქში 28 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 140-ზე მეტი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შედეგების აღმოფხვრაში ჩართული იყო 400-ზე მეტი მაშველი და 200-ზე მეტი ერთეული ტექნიკა. ასევე მუშაობდა: სპეციალიზებული სასწრაფო სამაშველო და საინჟინრო ტექნიკა, დრონები, ძაღლები.

აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს კიევზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის დროს, ძაღლმა სოლომენსკის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.

ადგილზე ასევე, მუშაობდნენ ფსიქოლოგთა ჯგუფები, რომელთა წყალობითაც 220-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სასწრაფო ფსიქოლოგიური დახმარება.

"ჩვენ გამოვიყენეთ ყველა რესურსი სიცოცხლის გადასარჩენად. ასევე, 300-ზე მეტმა სამართალდამცავმა 24 საათის განმავლობაში შეინარჩუნა კანონი და წესრიგი ადგილზე. და ისინი ამას მომავალშიც გააგრძელებენ, სანამ საჭიროება იქნება. დაზარალებულებისგან განაცხადების მიღება გრძელდება - უკვე მიღებულია ქონების დაზიანების თითქმის 500 შეტყობინება. ყველა მონაცემი საგულდაგულოდ არის ჩაწერილი“, - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.

17 ივნისის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა კიევზე მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელეს კამიკაძე დრონების „შაჰედის“ და რაკეტების გამოყენებით.

დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, არასაცხოვრებელი შენობები და სატრანსპორტო საშუალებები. ასევე დაფიქსირდა პირდაპირი დარტყმები საცხოვრებელ შენობებზე.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 18 ივნისი გლოვის დღედ გამოაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი ქალაქის ასეთ დაბომბვას გენოციდის გარდა სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს.