ქალბატონი მზია არის სინდისის პატიმარი. იგი არ არის აქ, როგორც პოლიტიკოსი. მე მაქვს  ქალბატონ მზიასთან ვალდებულება, რომ დავიცვა ის, - ამის შესახებ  "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ დაკავებული მზია ამაღლობელის მონახულების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მზია ამაღლობელს სურვილი ექნება, ის დაიცავს მის უფლებებს საზღვარგარეთაც.

"ქალბატონი მზია არის სინდისის პატიმარი. იგი არ არის აქ, როგორც პოლიტიკოსი. ჩემი დაჭერა ჟურნალისტობის დროს, მაინც უფრო პოლიტიკური მოტივებით იყო, მაგრამ ქალბატონი მზია, სწორედ იმიტომაა დაკავებული, რომ ის ჟურნალისტია. რაც ჩვენ ვნახეთ, სილის გაწვნას ვგულისხმობ, ეს იყო ადამიანის პასუხი იმაზე, რომ მას შეაფურთხეს. ამ ვითარებაში, როგორ მოვიქცევით ნებისმიერი ჩვენგანი არავინ არ იცის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ მზიას ჰქონდეს სრული მხარდაჭერა.

მე მაქვს ჩემი შესაძლებლობები და კავშირები, ამიტომ ვაპირებ შემოვიარო ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ. პირველ რიგში, ვაპირებ, რომ წავიდე საკუთარი ხარჯებით  და საკუთარი პოზიცია გამოვხატო არა როგორც  პოლიტიკოსმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელიც სოლიდარობას უცხადებს მას. შეგახსენეთ, რომ მე ვარ ჟურნალისტი, რომელმაც მიიღო ჯილდო "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტისგან", ზუსტად ამ თვალსაზრისით ვაპირებ სიარულს, მე მეთქმის სიტყვა მათთან. მე მაქვს ქალბატონ მზიასთან ვალდებულება, რომ დავიცვა ის. ზუსტად ვიცი, რომ ის უნდა გამოვიდეს ციხიდან და გააგრძელოს თავისი საქმიანობა",  - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“ბათუმელების” და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.  მზია ამაღლობელი საპატიმროში  პროტესტის ნიშნად 11 დღეა, შიმშილობს.