დღეს კალაძის მერია მეტროს ვაგონების შეძენაზე კონტრაქტს გააფორმებს და ჩინური CRRC წარმოების ვაგონებს შეიძენს დაახლოებით 400 მილიონ ლარად, - ამის შესახებ “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, 600 მილიონ ლარიანი უმსხვილესი ტენდერი ისე ჩატარდა, რომ არცერთი ევროპელი მწარმოებელი რეალურად არ მონაწილეობდა მასში.

"დღეს კალაძის მერია მეტროს ვაგონების შეძენაზე კონტრაქტს გააფორმებს და ჩინური CRRC წარმოების ვაგონებს შეიძენს დაახლოებით 400 მილიონ ლარად.

• 600 მილიონ ლარიანი უმსხვილესი ტენდერი ისე ჩატარდა, რომ არცერთი ევროპელი მწარმოებელი რეალურად არ მონაწილეობდა მასში.

• გამარჯვებული მწარმოებელი CRRC შარშან ევროკომისიამ დაადანაშაულა არაკეთილსინდისიერ ქმედებებში ბულგრეთის ტენდერში და მან გამოძიების დასრულებამდე უარი თქვა ტენდერზე.

• CRRC აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით განსაზღვრულია ჩინურ სამხედრო წარმოებად და საფრთხედ აშშ-სთვის, შესაბამისად მასზე ვრცელდება მნიშვნელოვანი შეზღუდვები და რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ შარშან მოთხოვნილი იყო სახელმწიფო ხაზინისგან მისი სანქცირების საკითხის შესწავლა ირანთან არსებული მსხვილი კონტრაქტების გამო.

• ტენდერში ფორმალურად მონაწილეობა მიიღო SCODA-მ და ვაგონის ფასად დააფიქსირა 1 ლარი. რაც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ამ უმსხვილეს ევროპელ მწარმოებელს ჰქონდა თბილისის ტენდერში მონაწილეობის სურვილი, მაგრამ ვერ ხედავდა უმცირესს შანსსაც კი, რომ გაემარჯვა. რატომ? - ეს აჩვენებს, რომ სატენდერო პირობები ისე იყო მორგებული "ვიღაცის" ინტერესებს, რომ სამართლიანი კონკურენციის არე აღარ დარჩა.

რატომ დაიგეგმა ტენდერი ისე, რომ ევროპელ მწარმოებლებს მონაწილეობის სურვილი არ გასჩენოდათ?! რატომ ვყიდულობთ ასეთი რეპუტაციის მქონე კომპანიისგან მეტროს ვაგონებს?! რატომ ვრისკავთ, რომ 400 მილიონი ლარის კონტრაქტი გაფორმდეს კომპანიასთან, რომელიც შეიძლება ახლო მომავალში დასანქცირდეს აშშ-ის მიერ?! კითხვები რიტორიკულია, პასუხი ალბათ, ნათელი", - წერს ირაკლი აბესაძე.