ამ არჩევნებში შესვლა ამ სტატუს-კვოს პირობებში, იქნება უბრალოდ რეჟიმისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის მიცემა, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა იცის, რომ ოპოზიციის ფრაგმენტაციის და დაქსაქსულობის პირობებში ის გაიმარჯვებს, ოპოზიცია კი დამარცხდება.

"ივანიშვილმა იცის, რომ არსებობს კონკრეტული წითელი ხაზი, ადგილი, სადაც უნდა მივიდეთ, მაგრამ მან ასევე იცის, რომ ჩვენ შორის უთანხმოების, ფრაგმენტაციის და დაქსაქსულობის პირობებში ამ ადგილას ჩვენ დასუსტებული ხოხვით მივალთ, რაც ჩვენი მარცხია. ჩვენი ფრაგმენტაცია გვასუსტებს ჩვენ - ოპოზიციას, მედიას და თავისუფლების პატარა კუნძულებს, რაც შემორჩა და ეს აძლიერებს ბიძინა ივანიშვილს - მე ასე ვუყურებ  ამას. 
  
გასაგები იყო ის, რომ ყველა ვსაუბრობდით - ამ არჩევნებში შესვლა ამ სტატუს-კვოს პირობებში იქნება უბრალოდ რეჟიმისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის მიცემა. 
  
მე ასე ვუყურებ ამ პროცესს - როდესაც პოლიტიკური ტყვეები გვყავს, როდესაც ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებზე დებატები იმართება ევროსაბჭოში, ერთიანი პოზიცია და ერთიანობის ფორმულა ძალიან სერიოზულად მიმაჩნია მე. ეს უნდა გამოვიდეს. ჩვენ, ყველა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. როცა აქეთ ვიღაცას იჭერენ, იქით ჩვენ ვჩხუბობთ, რაღაცა გასარკვევი გვაქვს, ყველა უნდა ვეცადოთ, რომ საერთო ფორმატი და დიალოგი არსებობდეს და ვიმსჯელოთ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად თუ რატომ გვაქვს ეს პოზიცია და რა შეიძლება მოხდეს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.