მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეროვნულ ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი და დროებით ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი რისკი გაჩნდა ბოლო პერიოდში ქვეყნის ფინანსურ სისტემაში.

"მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეროვნულ ბანკს არ ჰყავს პრეზიდენტი და დროებით ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას.  

გავიხსენოთ, თუ რა მოხდა მოლდოვაში რამდენიმე წლის წინ, წინა ხელისუფლების დროს, როცა მსგავსი ვითარება იყო შექმნილი - ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტის რეზერვები დაიკარგა. ეს ქვეყნის მშპ-ს 12,5% იყო იმ დროისათვის. 

ბევრი რისკი გაჩნდა ბოლო პერიოდში ქვეყნის ფინანსურ სისტემაში. ლონდონიდან რატომღაც ეროვნული ბანკის საცავში გადმოტანილი 600 მილიონი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქროც კი, რომელიც ქვეყნის რეზერვების ნაწილია, შეუძლებელია რომ უსაფრთხოდ იყოს აქ დაბინავებული, გამომდინარე ივანიშვილის ფაქტორიდან. 

სხვათა შორის, “ოქროს მცველი” ანუ ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უფროსი უკვე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დააწინაურეს. შეიძლება არცაა შემთხვევითი დამთხვევა, იქ ხომ ბიძინა ივანიშვილის ნახევარი ტონა ოქრო ინახება, ეროვნულმა ბანკმა რომ ერთი თვის წინ შეუძინა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.