ივანიშვილმა თვითონვე თქვა, რომ არ არსებობს, მისი დავალებით ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც რამენაირად ადასტურებდა ინვესტიციას გარდა იმ მოკლე, 45-დღიანი სესხის გარანტიების ხელშეკრულებისა, - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე გაჟღერდა მუქარის შემცველი განცხადებაც ივანიშვილის მხრიდან.

"არცერთ დეტალს არ იხსენებდა, კითხვაზე, რაც შეეხებოდა დოკუმენტს, დეტალურ ფაქტობრივ გარემოებას ის არიდებდა პასუხზე თავს. მან ზოგადად თქვა - მე ვიყავი ინვესტორი და ბაჩიაშვილს ხომ არ ვასესხებდი ფულსო, თუმცა, ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევებში მას გაუკეთებია რამდენიმე ასეული ათასი დოლარი, მათ შორის გარანტიის გაცემაც კონკრეტულ პირზე, რომელიც არ იყო მისი ნათესავი. მას ამ ყველაფრის წარმოჩენა იმგვარად უნდოდა, თითქოს ბაჩიაშვილზე კრედიტის მიცემა იქნებოდა ყველანაირ აზრს მოკლებული.

გაჟღერდა მუქარის შემცველი რამდენიმე წინადადებაც, მათ შორის ჩვენ სამოქალაქო და კონტრაქტულ ურთიერთობაზე (სამოქალაქო სამართლის ურთიერთობას ვგულისხმობ, ეს ფონდის გარკვეულ სხვა სტრუქტურებს შეეხება) და ის პირდაპირ დამემუქრა, რომ მანდაც მოსალოდნელია ჩემი გარკვეულ პასუხისგებაში მიცემა.  ამის უკვე არ მეშინია, ეს უკვე მესამე შემთხვევა იქნება, როცა სამოქალაქო საკითხი იხილება სისხლის სამართლის კუთხით ივანიშვილის დავალებით.

ივანიშვილმა თვითონვე თქვა, რომ არ არსებობს, მისი დავალებით ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც რამენაირად ადასტურებდა ინვესტიციას გარდა იმ მოკლე, 45-დღიანი სესხის გარანტიების ხელშეკრულებისა", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველის თეიმურაზ წიქვაძის განცხადებით კი, დღევანდელი გამოკითხვის შედეგად კვლავ დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა ივანიშვილის კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

"როდესაც არ გაქვს ფული, არ გაქვს უზრუნველყოფა და როდესაც არ იღებ ინვესტიციიდან გამომდინარე რისკებს, ცხადია, ვერ დაგერქმევა ინვესტორი.

დღევანდელი გამოკითხვის შედეგად, ცხადია, კვლავ დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად, ადგილი ჰქონდა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას " , - განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი დასრულდა, სადაც ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად გამოიკითხა.