რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალეკო ელისაშვილი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო დაქირავებული მებრძოლის სტატუსით შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის (სსკ-ის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი) და თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯა, რაც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს.

"რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ მიიჩნია საკმარისად, რათა დაუსწრებლად გამოტანილიყო განაჩენი საქართველოს მოქალაქე ალეკო ელისაშვილის მიმართ. იგი დაუსწრებლად დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

გამოძიებისა და სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2022 წლის მარტში, უკრაინაში, ელისაშვილი შეუერთდა შეიარაღებულ ფორმირებას. მან გაიარა სამხედრო მომზადების კურსი, მიიღო პირადი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და სხვა საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, რომლებიც აუცილებელი იყო შეიარაღებულ კონფლიქტში მისი მონაწილეობისათვის. ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, ელისაშვილი ასრულებდა უფროსი მეთაურობის ბრძანებებს და დაქირავებული მებრძოლის სტატუსით მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.

გამოძიების შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის მიმართ დაუსწრებლად შეირჩა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით. მასზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა.

სასამართლოს მიერ ელისაშვილი დაუსწრებლად იქნა მსჯავრდებული და მას თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოხდით", - აღნიშნულია განცხადებაში.