"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გააგრძელებს თავის საქმიანობას არჩევნებზე დაკვირვების კუთხით. გამოვიყენებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ამომრჩევლების ხმები, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა. 

მისივე თქმით, არჩევნებს დააკვირდებიან კოალიციის ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.

"რა თქმა უნდა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" გააგრძელებს თავის საქმიანობას არჩევნებზე დაკვირვების კუთხით. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით არჩევნების დღეს უშუალოდ ჩვენი ქოლგის ქვეშ, თუმცა ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" წევრი ვართ, შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებს დავაკვირდებით ჩვენი კოალიციის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გავაგრძელებთ ფუნქციონირებას ისე, როგორც ამას ვაკეთებდით რაც ჩვენი ორგანიზაცია არსებობს. 

ჩვენ ამ ქვეყანაში თითქმის ყველა არჩევნებს დავაკვირდით. გამოვიყენებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ამომრჩევლების ხმები. რაც შეეხება ანტიკორუფციული სამსახურის გადაწყვეტილებას, ცხადია, ისინი შეეცდებოდნენ, რომ გარკვეული არგუმენტები მოეძებნათ, თუმცა ყველაფერი, რაც პრესკონფერენციაზე ითქვა, ტყუილია", - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე ორგანიზაციას პოლიტიკურ პროცესებში გაწეული ხარჯის საჯაროობა ევალებოდა.