ჩვენ ერთობლივი წერილით მივმართეთ ვაიმარის სამივე ლიდერს მთელი რიგი საკითხებით, რომელიც მოითხოვს დღესვე ყურადღებას ჩვენი პარტნიორებისა და უფრო აქტიურ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ წერილში ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებია გაჟღერებული.

"არალეგალური დაკავებაა ნიკა მელიასი, რომელსაც ვგმობთ ჩვენ, ასევე, ვნახეთ გატაცება სხვა ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტის და ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ამ გაძლიერებული რეპრესიებით თვითონ "ქართული ოცნება" სუსტდება ყოველდღე. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება - რეპრესიების ყოველდღიური გაძლიერება და დასუსტება რეჟიმის. 

ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან ურთიერთობას, დღეს მე შევხვდი პლატფორმის სახელით სენატორ დეინსს, რომელიც კავკასიაშია ჩამოსული, თბილისში შეგვხვდა ოპოზიციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან მოისმინა აქაური არა მხოლოდ შიდა საკითხები და კანონდარღვევების მთელი რიგი საქმეები, არამედ სტრატეგიული გამოწვევები, რაც არსებობს ამ რეგიონში, რომელიც ამერიკიდან მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას.

ჩვენ ასევე, ერთობლივად მივმართეთ წერილით ვაიმარის სამივე ლიდერს, რომლებმაც მიულოცეს საქართველოს ხალხს 26 მაისი და გამოხატეს მხარდაჭერა და ჩვენ მათ მივმართეთ მთელი რიგი საკითხებით, რომელიც მოითხოვს დღესვე ყურადღებას ჩვენი პარტნიორების და უფრო აქტიურ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით და უფრო ჩამოყალიბებულს. ჩვენ გავუმეორეთ ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც რჩება ურყევი - პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თავისი პირობებით, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი. სხვანაირად ვერ იქნება ამ ქვეყანაში სტაბილურობა, რომელიც ყველა პარტნიორს აინტერესებს და იმედი გვაქვს, გვექნება მათი მხარდაჭერა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.