ნატო ყოველთვის იყო წითელი ხაზი, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საპირისპირო ტაქტიკა, დარწმუნებული ვარ, ეს პოზიცია კიდევ უფრო აქტიურად შეიცვლება, თუმცა არა რუსეთის სასარგებლოდ, – ამის შესახებ "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

"ომის შეწყვეტის მცდელობასთან დაკავშირებით ასეთი მცდელობები ძალიან მნიშვნელოვანია. ტაქტიკა უნდა განისაზღვროს სწორად. ისტორიული პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ რაც მეტი დათმობა იქნება რუსეთისთვის, ისინი ითხოვენ ძალიან ბევრს და ყველაფერს. მათ შორის, ბუნებრივია, ნატო ყოველთვის იყო წითელი ხაზი, მაგრამ ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი, საპირისპირო ტაქტიკა და ნაბიჯები. ჩვენ ვხედავთ, განცხადებები იცვლება ხოლმე იმის მიხედვით, როგორი ვითარებაა და ეს ჩვეულებრივი ამბავია დიპლომატიაში. საქმისთვის თუ საჭიროა, შესაძლოა, პოზიცია შერბილდეს ან შეიცვალოს. დარწმუნებული ვარ, ეს პოზიცია შეიცვლება კიდევ უფრო აქტიურად, კიდევ უფრო ძლიერი იქნება, არა რუსეთის სასარგებლოდ. გარკვეულწილად, ბუნებრივია, რეგიონში პოლიტიკა და არამხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მსოფლიოში, ბევრწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება ეს ომი და როგორი იქნება მხარეების პოზიციები, ვინ რას მიიღებს. ეს არის რუსეთის მცდელობა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მეტი ტერიტორია მიიღოს და შემდგომ ამით გააგრძელოს ვაჭრობა. ჩემი აზრით, ამის საპირისპიროდ საჭიროა ძალიან პრინციპული პოზიცია და არა დათმობები“, – განაცხადა წერეთელმა.

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მზადაა პუტინს წერილობითი პირობა მისცეს, რომ არ გაფართოვდება ალიანსი აღმოსავლეთით, თუ ეს გახდება მთავარი პირობა საომარი მოქმედებების და უკრაინაში ომის დასრულებისთვის. საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზე.