სასურველი იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, რომ ეს რეჟიმი დასრულებულიყო ბევრად უფრო ადრე, მაგრამ ეს ვერ მოხდა, - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები არ უნდა დაჰპირდნენ საზოგადოებას, რომ  კონკრეტულ დროს დასრულდება ამ ხელისუფლების მმართველობა. 

"ტერმინი რევოლუცია და რაიმე თარიღი არ თქმულა თვითონ რევოლუციის თარიღამდე. სასურველი იყო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, რომ ეს რეჟიმი დასრულებულიყო ბევრად უფრო ადრე, მაგრამ ეს ვერ მოხდა. ახლაც გვაქვს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სურვილი პროტესტში მონაწილეობისა და რეჟიმის შეცვლისა, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რეჟიმი ჩამოიქცეს. ამის მიღწევას სჭირდება სწორი გაგებით სიჯიუტე, მინიმუმ, ამ საპროტესტო აქციის გაგრძელება, ამას უნდა მოჰყვეს საპროტესტო აქციების გაფართოება და საზოგადოებასთან ერთად მივაღწიოთ პროტესტის იმ ხარისხს, რომელსაც რეპრესიული აპარატი ვეღარ უძლებს. მე არ ვიცი, როდის მოხდება ეს, ზუსტი თარიღი არ მაქვს, ვისაც აქვს, ჩემი აზრით, არასერიოზულად უდგება საკითხს, ან ცოდნა არ აკლია, ან პასუხისმგებლობა.  ამიტომ, ვინმე თუ მეტყვის - რომელი თარიღია რეჟიმის დაშლის -  არ უნდა მოვატყუო და არ უნდა ვუთხრა ზუსტი თარიღი მაშინ, როდესაც ჩვენ ამის საფუძველი არ გვაქვს. როცა რღვევა ბოლო ფაზაშია გადასული, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ზეგ არის გადამწყვეტი აქცია, მაგრამ ახლა, როცა უამრავი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი პოლიტიკურ პარტიებს და სხვა ჯგუფებს, წინასწარ თარიღის თქმა გაუგებარია.

რაც შეეხება კორუფციას "ქართულ ოცნებაში",  ჩვენ ვხედავთ თვითონ ამ ხელისუფლების წევრების ნაბიჯებს, დაკავებებს, განცხადებებს ღრმა სისტემური კორუფციის მამხილებელს. ეს არის ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრისა და პროკურატურის ნაბიჯები.  გაირკვა, რომ სისტემური კორუფცია ხდებოდა თანამდებობებზე ყოფნისას, ეს არის მათივე ამბავი. ამ რეჟიმმა იხეირა უზარმაზარი დოზით ფინანსურად რუსეთის აგრესიით უკრაინაში, უზარმაზარი კაპიტალი შემოვიდა რუსეთიდან, შემოვიდა მიგრაცია და ამან დიდი ფული შემოიტანა ქვეყანაში და ამით, არაკანონიერად მდიდრდებოდა ბიუროკრატია და თანამდებობის პირები და ქვეყანაში კი ნულოვანი წინსვლა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის "მუღამი" არის ძალაუფლების შენარჩუნება და ფულის შოვნა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.