"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე ოპოზიციონერ დეპუტატებთან მოლაპარაკებები ჰქონდათ.

მისი თქმით, რამდენიმე ადამიანთან ჰქონდათ საუბარი ამ საკითხზე.

"კი, ბევრთან, კი ვადასტურებ, მე პირადად მქონია. რამდენიმე ადამიანთან გვქონდა ჩვენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით საუბარი, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მორალურადაც კი ვალდებულები იყვნენ ხმა მიეცათ კანდიდატებისთვის, ზოგადად, რომელს მისცემდნენ ხმას, არ გვაინტერესებდა.

იმიტომ, რომ თუ ოთხივეს მისცემდნენ ხმას, დაუშვათ, ეს იმას ნიშნავდა, რომ გარანტია გვექნებოდა, რომ ვიღაცას ავირჩევდით. მაგალითად, იცით ხომ, ფრიდონ ინჯიას გინდათ, ევროსოცებთან ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით, და მათი დარწმუნება ამგვარად შევძელით, რომ თქვენ მიეცით ყველას ხმა და თქვენ იქნები თქვენ თავთან მართლები, მათ ჰქონდათ თავისი აზრი ერთ-ერთ ძალიან განათლებულ, კვალიფიციურ ქალბატონთან დაკავშირებით და ჩვენ ვეუბნებოდით, რომ კი ბატონო, დაუჭირეთ მხარი ვისაც გნებავთ, ამით ჩვენ საშუალება მოგვეცემა, რომ მინიმუმ 2 ადამიანი ავირჩიოთ, ასეც მოხდა. ასევე ვარწმუნებდით მათ სხვა კოლეგებს, სხვა ოპოზიციონერ კოლეგებს, გვქონდა არაერთ ადამიანთან საუბარი.

შეიძლება გონივრული ეჭვი მქონდეს ოპოზიციიდან ვინ მისცა ხმა კანდიდატებს, თუმცა არ ჩავაგდებ თქვენ ყბაში და თქვენი ბულინგის მსხვერპლს არ გავხდი", - განაცხადა მდინარაძემ.