მიწოდებულია ყველა ინფორმაცია, არსებობს ყველანაირი გარემოება იმისათვის, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას მეუღლემ კოტე იოსელიანმა საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

"გამოძიებას ჰქონდა კონკრეტული შეკითხვები, არსებობს ყველა ინდიკაცია, მიწოდებულია ყველა ინფორმაცია, არსებობს ყველანაირი გარემოება იმისათვის, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. იქ არის უამრავი ობიექტი, რომელიც აღჭურვილი არის კამერებით. სურვილის შემთხვევაში, ამ ფაქტის გამოძიებას და ყველა დეტალის დადებას არაფერი განსაკუთრებული დრო და ძალისხმევა არ სჭირდება, თუმცა დრო გვაჩვენებს, რამდენად ადეკვატური იქნება რეაქცია.

რაც შეეხება გამოკითხვის პროცესს, მე აქამდეც განვაცხადე, რომ არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმისა, რომ საქმე გამოძიება. ეს იყო ფორმალობა, რომელიც შედგებოდა კითხვებისგან - რა გეცვა, რომელ საათზე წახვედი, რამდენი ხანი. ამ შეკითხვებზე გავეცი პასუხი და ამით დასრულდა ეს პროცესი", - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მისი მეუღლის კოტე იოსელიანის მიერ უტა ივანიშვილისთვის მოხდილ ბოდიშს წინ კოტე იოსელიანის გატაცება და ოჯახის წევრების მიმართ მუქარა და დაშინება უძღოდა.