ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის იმიტომ, რომ ბოლოს გამარჯვება მაინც ჩვენი იქნება და ჩვენ მოვიგებთ. ამისთვის აუცილებელია ერთობა და ამ ერთობისთვის "ნაციონალური მოძრაობა" არ დაიშურებს ძალისხმევას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელმა ბრიფინგმა აჩვენა არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი რამის ეშინია - ერთიანობის.

"დღეს რეჟიმმა განაცხადა, რომ რეჟიმის კრიტიკამ, მათ შორის კრიტიკა უცხოელ პარტნიორებთან, ნებისმიერი შეხვედრა, აზრის გამოხატვა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეების დაცვა არის კრიმინალი, დანაშაული და ისჯება პატიმრობით ივანიშვილის რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს არის ღია დასტური იმის, რომ ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას, სადაც აიკრძალება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატვა, სადაც გაუქმდებიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ გაუქმდება უნივერსიტეტები, თავისუფალი მედია, სამოქალაქო სექტორი და გაუქმდება საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალი სახელმწიფო -  ეს არის ის მომავალი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქადის ჩვენს ქვეყანას.

მეორე, რაც დღევანდელმა ბრიფინგმა აჩვენა არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი რამის ეშინია - ჩვენი ერთიანობის. მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგენ ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში 2012 წლიდანაა და არცერთ მომენტში უკან არ დაუხევია, დღეს ივანიშვილს არ ეშინია არცერთი პოლიტიკური პარტიის, ლიდერის და პოლიტიკოსის, მაგრამ ძალიან ეშინია ჩვენი ერთიანობის და ადამიანები, რომლებიც სულ რამდენიმე თვეში თავისუფლები იქნებოდნენ, მათ ტოვებენ ციხეში მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთიანობა რეჟიმის დამარცხების  მიზნით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი, როგორც მთავარი ოპონენტი და ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური საფრთხე, ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ რამდენიმე წლით დარჩება უკანონო ტყვეობაში "ფეისბუკ პოსტების" გამო. ეს არის აბსურდულობის ფაზა და ჩვენი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა. ამიტომ, ახლაც ძალიან ცხადად მინდა ვუთხრა რეჟიმს - იმ ბრძოლას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ეწევა ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ, ამ საქმიანობასაც, ისევე როგორც ბრძოლას ქვეყნის შიგნით, ყველა ფრონტზე ეს პარტია გააგრძელებს ბრძოლას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ამ მოღალატეობრივი რეჟიმის დასასრულებლად. ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის იმიტომ, რომ როგორც ზურა ჯაფარიძემ თქვა, ბოლოს გამარჯვება მაინც ჩვენი იქნება და ჩვენ მოვიგებთ. ამისთვის აუცილებელია ერთობა და ამ ერთობისთვის "ნაციონალური მოძრაობა" არ დაიშურებს ძალისხმევას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.