კალაძემ ჯერ კიდევ 2024 წელს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, რომ ამ ტერიტორიაზე ესტაკადა უნდა გაკეთდეს,  - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სადგურის მოედანზე არსებული ბაზრის დაწვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილი, სადაც ბაზრობა დაიწვა, წულაიამ უნდა ააშენოს ცათამბჯენები.

"კალაძემ ჯერ კიდევ 2024 წელს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, რომ ამ ტერიტორიაზე ესტაკადა უნდა გაკეთდეს, ან ხიდი, ან გვირაბი, ჩვენ გამოკვლევა დავიწყეთ და ა.შ. 

ეს ბაზრის ტერიტორია პირდაპირ დაკავშირებულია იმ სამშენებლო პოლიგონთან, რომელიც დანაშაულებრივად მისცა რუხაძე-წილოსანს, ამან მისცა წულაიას და მან უნდა დაიწყოს მაღალსართულიანი ცათამბჯენების მშენებლობები, ოღონდ ეს მშენებლობა ღირებული რომ იყოს, სჭირდება გზა.

20 აპრილს გადაუფორმეს ეს წულაიას და უცებ, 10 დღეში იწვება ბაზარი, რომელიც პირდაპირ არის მოხვედრილი კალაძის გეგმაში, სადაც არის სამშენებლო პოლიგონი, სამომავლოდ იქ გზა, ან გვირაბი უნდა გაკეთდეს. 

მიზანმიმართულად დაწვეს. მეტსაც გეტყვით, მე ვუყურე კადრებს, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ ჯერ გაძარცვეს და შემდეგ დაწვეს. წინასწარ იცოდნენ რასაც აკეთებდნენ, კრიმინალური ჯგუფები ჯერ შეუშვეს, გააძარცვინეს და შემდეგ დაწვეს.

ადგა, პირდაპირ გადაუწვა და დღეს გვამცნეს, რომ თურმე ხმალაძე შეხვდება დაზარალებულებს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.