თუ ისევ რუსული ავტოკრატიული კურსით იმოძრავებენ, ასეთი გზა არ მოიტანს ევროკავშირის წევრობას შემდეგი 10-20 წელი, - ამის შესახებ ყოფილმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატიული საფუძვლები აღარ დარჩა საქართველოს მთავრობას.

"დემოკრატიული საფუძვლები აღარ დარჩა ამ მთავრობას. უკანასკნელი მოვლენების განვითარებამ დაგვანახა მრავალი ინდიკატორი, რომ მთავრობა თუ რეჟიმი უფრო და უფრო მიიწევს რუსეთისა და ბელორუსისკენ. ჩვენ ყველა ვუყურებთ დემოკრატიის გაუარესებას, რაც, ფაქტობრივად, კოშმარად იქცა ჩვენთვის. კვლავ ვფიქრობ, რომ ივანიშვილს სურს დარჩეს ხელისუფლებაში, საქართველოს აკონტროლებდეს. ამას მოსკოვი მართავს თუ წინასწარგანზრახულად აღმოჩნდა, რომ ივანიშვილსა და პუტინს ერთი და იგივე ინტერესები აქვთ, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ მოგახსენებთ, რომ ივანიშვილი ნებაყოფლობით არ არის მზად დემოკრატიული გზით რომ გადასცეს ვინმეს ხელისუფლება. ეს გახლავთ ძალიან დიდი რისკი და ძალზე საშიშია მთელი რეგიონისთვის და არამხოლოდ საქართველოსთვის. 

ძალზე გულდასაწყვეტია და სინამდვილეა, რომ 27 ქვეყნის ხმა გვჭირდება ივანიშვილის დასასანქცირებლად, რასაც ვერ ვიღებთ. ეს არის ის, რაც მოსკოვს და ბიძინას სურთ, მათ სურთ ჩვენი დაყოფა, რომ მათ ჰყავდეთ მხარდამჭერები ევროკავშირში.

ჩვენ ვართ საქართველოს დიდი მეგობრები და გვსურს, ვიხილოთ დემოკრატიული საქართველო. ეს ამ წუთში ძალიან პრობლემური საკითხია.

გასულ წელსაც იყო გახსნილი შესაძლებლობების ფანჯარა. რეფორმები დღეს რატომ არ უნდა დაიწყოს? ეს ჩემთვის სიყალბეა და მასკარადი. თუ ისევ რუსული ავტოკრატიული კურსით იმოძრავებენ, ასეთი გზა არ მოიტანს ევროკავშირის წევრობას შემდეგი 10-20 წელი", - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა "ფორმულასთან".