ვითხოვთ ამ ფაქტის მყისიერ მოკვლევას, თუ ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყება, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრის პოლიტიკური პატიმრობის საკითხი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია აღნიშნული.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ცანავამ, რომელიც პოლიტიკური დევნის შედეგად რამდენიმე დღის წინ დააკავეს, სასამართლო პროცესზე ღიად და დაუფარავად ისაუბრა იმ ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის შესახებ, რომელიც მის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი დაკავების შემდეგ განხორციელდა.

კერძოდ, ლაშა ცანავამ განაცხადა, რომ მას თავისუფლებისა და ფულის სანაცვლოდ შესთავაზეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერისა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფარული მიყურადება, ფარული ჩანაწერების გაკეთება და მის წინააღმდეგ გარკვეული კომპრომატების შეგროვება, რომელსაც სახელისუფლებო პროპაგანდა ლევან ხაბეიშვილისა და პარტიის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება საჯაროდ გაკეთდა, ამ დრომდე მას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან საჯარო გამოხმაურება, გამოძიება და რეაგირება არ მოჰყოლია.

ჩვენ ერთი წუთით არ გვჯერა, რომ ან სუსი, ან პროკურატურა ამ ნაბიჯს გადადგამენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ვიცავთ რა იურიდიულ, ფორმალურ ვალდებულებას და ვითხოვთ ამ ფაქტის მყისიერ მოკვლევას და გამოძიებას.

თუ ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედებები არ დაიწყება, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრის პოლიტიკური პატიმრობის საკითხი”,  - აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ცანავა დააკავეს. მას პატიმრობა შეეფარდა.