როდესაც შეტანილია სარჩელი და სადავოდ არის გამხდარი პარლამენტის ლეგიტიმაცია, ვერ მოხდება დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა მაია კოპალეიშვილმა პრეზიდენტის მიერ შეტანილ სარჩელზე განაცხადა.

კოპალეიშვილმა პრეზიდენტის როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პირი, რომელმაც უნდა იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

"საქართველოს პრეზიდენტმა გადადგა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური და სამართლებრივი ნაბიჯი. საქართველოს პრეზიდენტი არის ის უფლებამოსილი ინსტიტუტი, რომელმაც უნდა იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში. 

საკონსტიტუციო სასამართლოსგან ბუნებრივია, განსაკუთრებული მოლოდინი  ვერ გვექნება, იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როდესაც ქვეყნის ინტერესების დაცვის საკითხი დადგა, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, მაგრამ სარჩელი შევიდა. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს 30-დღიანი ვადა, რომ განიხილოს ეს სარჩელები. სავარაუდოდ, სასამართლო ამ რამდენიმე სარჩელს გააერთიანებს.  

თუკი დაჩქარებული წესით განიხილავს სასამართლო, 25 ნოემბრამდე შესაძლებელია გადაწყვეტილების გამოცხადება. როდესაც შეტანილია სარჩელი და სადავოდ არის გამხდარი პარლამენტის ლეგიტიმაცია, ვერ მოხდება დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება გამოტანილი", - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.