პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ლობირების პროცესს იწყებს, რათა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ.

"ჩვენ ვაგროვებთ საჭირო უმრავლესობას, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. კარგად ვიცი, რომ ქართველების დაახლოებით მესამედი ნამდვილად იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, თუ რა არის პრობლემა.

საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ბოდიშს ვუხდი ქართველებს, რომლებიც შეიძლება განაწყენებულები იყვნენ. ზოგადად, მე ვარ იმ ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის მტკიცე მომხრე, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, ან ავტორიტარული ხელისუფლების კუთხით, ან საიდან მიგრაციაც პირდაპირი საფრთხეა ჩვენს ქვეყანაში კანონისა და წესრიგისთვის", - განაცხადა ტუსკმა პოლონეთის პარლამენტში იმიგრაციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პოლონეთის მთავრობა ყოველდღიურად ახორციელებს კრიმინალში ეჭვმიტანილთა დეპორტაციას, ბოლოს, 4 დღის წინ, 50 ქართველი, რომლებიც ეჭვმიტანილი იყვნენ კრიმინალურ საქმიანობაში, პოლონეთიდან იქნა დეპორტირებული.