“დღევანდელი შეხვედრა აჩვენებს, რომ ზელენსკი მარტო არ არის, მის გვერდით დგას თავისუფალი სამყარო, რომელიც უკრაინასთან ერთად არ დაუშვებს რუსეთის გამარჯვებას. უკრაინის გამარჯვებით კი გავიმარჯვებთ ჩვენც", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ შეხვედრაში ჩემი აზრით, არის იმის დემონსტრირება, რომ ზელენსკი, უკრაინა, უკრაინელი ხალხი არ არის მარტო. ზელენსკისთან ერთად იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ისევე როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერი სტარმერი და ეს ყველაფერი არის იმის დასტური, რომ უკრაინელი ხალხი მათ თავისუფლებისთვის ბრძოლაში არ არის მარტო და მათ უკან დგას თავისუფალი სამყარო და სწორედ ამიტომ ისინი უკრაინელ ხალხთან ერთად არ დაუშვებენ იმას, რომ როგორც ივანიშვილის მოლოდინი და სურვილია გაიმარჯვოს რუსეთმა, არ გაიმარჯვოს თავისუფლებამ. არ გაიმარჯვოს უკრაინამ. უკრაინის გამარჯვებით გავიმარჯვებთ ჩვენ, ქართველი ხალხი, რომელიც ვიბრძვით სწორედ იმ ღირებულებებისთვის, რომლისთვისაც იბრძვის უკრაინელი ხალხი”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. შეხვედრაში ევროპელი ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას.