გიორგი ახობაძის საქმეზე გადაწყვეტილება 28 ივლისს, 10:00 საათზე გამოცხადდება.  ამის შესახებ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

გიორგი ახობაძემ დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

მისი განცხადებით, მის წინააღმდეგ სტანდარტული და ბანალური "ჩადების" საქმე მოიგონეს.

"ყველაფერი იწყება ყალბი პატაკით. ფიზიკური ძალადობის ფონზე ჯიბეში "ჩამიდეს" ნარკოტიკი, ამას ესწრებოდა სამმართველოს უფროსი. აღნიშნულ მაღალჩინოსანს კონტაქტი ჰქონდა კიდევ ერთ მაღალჩინოსანთან, ლევან მაისურაძესთან. ჩხრეკისას უკანონოდ მოიპოვეს ჩემი ნერწყვის ნიმუში, რაც ნარკოტიკების შესაფუთ მასალაზე გადაიტანეს. მათ ევალებოდათ ჩხრეკის გადაღება და ნეიტრალური მოწმის მოყვანა, რაც არ გააკეთეს. ეს საქმე რუსული რეჟიმის მსახური ადამიანების რევანშია ჩემ მიმართ. ეს მრავალჯერ აქვთ პირადად ჩემთვის ნათქვამი პოლიციელებს. მოიფიქრეს სტანდარტული და ბანალური " ჩადების" საქმე, რაშიც დახელოვნებულები არიან. ეს არის შსს-ს სავიზიტო ბარათი, ამაზე მაქვს ორი ვიდეო ჩაწერილი და მათგან ერთი დაჭერის წინა დღეს. რევანშში ჩართულები არიან პოლიციელები, პროკურორებიც და  მოსამართლეებიც. მკვლელმა პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა და მკვლელმა ლელა მარიდაშვილმა ყველანაირი საფუძვლის გარეშე, დედას ერთადერთი მომვლელი მოწყვიტეს", - განაცხადა გიორგი ახობაძემ. 

 

 

 

 

გიორგი ახობაძე 2024 წლის  7 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და თავისუფლების 8-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.