არასამთავრობო ორგანიზაცია - "კანონის უზენაესობის ცენტრი" ანატოლი გიგაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ისეთივე მყისიერი რეაგირება მოახდინოს ანატოლი გიგაურის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე, როგორი მყისიერი რეაგირებითაც ხდება მოქალაქეთა პასუხისგებაში მიცემა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეს ანატოლი გიგაურს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება მეორე დღესვე - პოლიციელზე თავდასხმისთვის წარუდგინა, ხოლო დღეს - 26 ნოემბერს მას სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის ადვოკატმა გუშინვე განაცხადა, რომ დაკავებულს სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც მას რამდენიმე პოლიციელმა მიაყენა.

აღკვეთის ღონისძიების განხილვის სხდომაზე, დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის სამი ეპიზოდის შესახებ განაცხადა. კერძოდ, მისი განმარტებით:

· ეპიზოდი პირველი - მას 24 ნოემბერს, აქციაზე ყოფნის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა და ხელი გაარტყა;

· ეპიზოდი მეორე - აქციიდან წასვლის შემდგომ, ორ თანმხლებ პირთან ერთად, მის მფლობელობაში არსებული ავტომობილით გადაადგილდებოდა "ვეფხვი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იგი გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა. მიუხედავად იმისა, რომ იგი დაემორჩილა საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, გააჩერა ავტომანქანა, ჩამოვიდა, იგი გაიყვანეს ავტომანქანის უკან და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც მას სახის არედან წამოუვიდა სისხლი. ამის შემდეგ, იგი გადაიყვანეს ჟვანიას მოედანთან მდებარე პოლიციის განყოფილების ეზოში, სადაც ცდილობდნენ მისთვის სისხლდენის შეჩერებას. პოლიციამ იგი წაიყვანა შს სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოსკენ, სადაც გზაში გააჩერეს აფთიაქთან და იყიდეს იოდი;

· ეპიზოდი მესამე - შს სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში მასზე იძალადა რამდენიმე პოლიციელმა. მას სამმართველოში მიუყვანეს ის პატრულ-ინსპექტორი, რომელზე ძალადობისთვისაც მას პატიმრობა შეეფარდა, და ამ უკანასკნელმაც სხვა პოლიციელების თანდასწრებით იძალადეს მასზე.

ფიზიკური დაზიანებების მქონე ანატოლი გიგაურს შეეფარდა პატიმრობა, მიუხედავად იმისა რომ არ არსებობდა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი: იგი ვერ მოახდენს  ზემოქმედებას მოწმეებზე, რომლებიც ძირითადად პოლიციის თანამშრომლები არიან და ვერ გაანადგურებს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას და იმ ვიდეოჩანაწერს, რომლებიც მისი ბრალეულობის დასადასტურებლად წარადგინა ბრალდების მხარემ. ამასთან, სასამართლო განხილვის დროს  ადვოკატი აპელირებდა დაკავების დროს არაერთ დარღვევაზე, თუმცა მოსამართლეს დაკავების კანონიერებაზე საერთოდ არ უმსჯელია. 

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, ისეთივე მყისიერი რეაგირება მოახდინოს ანატოლი გიგაურის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე, როგორი მყისიერი რეაგირებითაც ხდება მოქალაქეთა პასუხისგებაში მიცემა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით.

სამწუხარო ტენდენციაა, რომ სამართალდამცავი ორგანოები რეაგირებენ და საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როცა საქმე ეხება აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს, ხოლო როცა თავად აქციის მონაწილეები ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, ასეთ ფაქტებზე არათუ სისხლისსამართლებრივი დევნის, ზოგჯერ გამოძიების დაწყებაც კი არ ხდება. ასევე, არ ხდება საზოგადოების ინფორმირება გამოძიების დაწყების/არდაწყებისა თუ მიმდინარე გამოძიების შესახებ.

ჩვენი ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება ანატოლი გიგაურის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე და დაუყოვნებლივ, მოიპოვოს შემდეგი მტკიცებულებები:

- დაუყოვნებლივ გამოითხოვოს იმ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე ვიდეო-კამერების უწყვეტი ჩანაწერები, რომლებიც იმყოფებოდნენ 24 ნოემბრის აქციაზე და შეესწრნენ ანატოლი გიგაურსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შორის მომხდარ დაპირისპირებას. ჩანაწერები უნდა ასახავდეს მომხდარ შემთხვევამდე და შემთხვევის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს;

- დაუყოვნებლივ გამოითხოვოს იმ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე ვიდეო-კამერების უწყვეტი ჩანაწერები, რომლებმაც ანატოლი გიგაური გააჩერეს ,,ვეფხვი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩანაწერები უნდა ასახავდეს ანატოლი გიგაურის გაჩერებიდან მისი შს სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში გადაყვანამდე განვითარებულ მოვლენებს;

-  დაუყოვნებლივ გამოითხოვოს გაგარინის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილების გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 24-25 ნოემბრის უწყვეტი ჩანაწერები;

-  დაუყოვნებლივ გამოითხოვოს შს სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოში გარე და შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების 24-25 ნოემბრის უწყვეტი ჩანაწერები;

-  დააიდენტიფიციროს და დაუყოვნებლივ გამოითხოვოს ვიდეოჩანაწერები იმ აფთიაქიდან, სადაც ანატოლი გიგაურის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა შეიძინეს იოდი.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, გაუწიოს ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა ამ სისხლის სამართლის საქმეს და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია ამ კატეგორიის საქმეებზე განხორციელებული საპროკურორო საქმიანობის შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.